24 აპრილი 2024,   18:58
ვრცლად
USAID-ის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის შეფასებას, საპარლამენტო უმრავლესობაში ნაჩქარევს უწოდებენ

მმართველი გუნდის ნაწილი USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს ნაჩქარევს უწოდებს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ვითარების სიღრმისეულად შესწავლის შემთხვევაში, ბროკ ბირმანი მსგავს განცხადებას არ გააკეთებდა, თუმცა იმასაც ადასტურებენ, რომ 14 ნოემბრის კენჭისყრის შედეგით თავადაც იმედგაცრუებული აღმოჩნდნენ და იმედოვნებენ, რომ ვითარება მალე გამოსწორდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ რეალობისთვის თვალის გასწორება უნდა მოხდეს:

"ვფიქრობ ნაჩქარევი განცხადება გააკეთა,  სიღრმისეულად არ არის საკითხი განხილული. არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და არის პარლამენტარის უფლება, მომწონს თუ არ მომწონს, მე ან ბატონ ბირმანს, ან ვინმე სხვას, მიიღოს გადაწყვეტილება, რასაც თვითონ  თვლის საჭიროდ და ეს არ არის გამონაკლისი საქართველოში," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის თქმით, კენჭისყრის შედეგებით თავადაც იმედგაცრუებული იყო.

"გარკვეული იმედგაცრუება არათუ უცხოელებში, არამედ უმრავლესობის ბევრ წევრშიც იყო, მათ შორის ჩემთვისაც. მაგრამ ჩვენ გვაქვს უკვე ის მოცემულობა, რაც გვაქვს და ამ გადმოსახედიდან ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე როგორ განვითარდება პროცესები და როგორ ჩავატაროთ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები," - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში ბროკ ბირმანი აღნიშნავს, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა მას არწმუნებდა, რომ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები გავიდოდა. თუმცა "ქართულ ოცნებას" დაპირება არ შეუსრულებია . ბირმანი ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდებს.

"სექტემბერში თბილისში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობა მარწმუნებდა,რომ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმა გავიდოდა. "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა თავისი საჯაროდ აღებული ვალდებულება, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ არჩევნებზე გადავიდოდა.  ეს რეფორმა და პოლიტიკური პლურალიზმი ახლა უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია,"- წერს ბროკ ბირმანი და 10 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

დღის ამბები