24 აპრილი 2024,   10:00
ვრცლად
დაპირისპირება მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოლქში - სერგო რატიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

მამუკა მდინარაძის საბურთალოს მაჟორიტარული ოლქში, ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო.

დაპირისპირება "ევროპული საქართველოს" ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების გამოჩენამ გამოიწვია.

მათ, როგორც ბიუროში მომუშავე ადამიანები, "ქართული ოცნების" წევრები, ასევე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები და მათ შორის, მოქალაქეებიც დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციასა და ბიუროს თანამშრომლებს  შორის ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ დაპირისპირებას.

ოლქის შესასვლელ პერიმეტრს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერებს 9 წლიანი პერიოდი შეახსენეს და სიმბოლურად ცოცხი გადასცეს.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრს სერგო რატიანს ფიზიკურად შეეხნენ, რაზეც ის სამართალდამცავების მხრიდან რეაგირებას მოითხოვდა.

სერგო რატიანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და უმრავლესობამ საერთაშორისო საზოგადოება და საკუთარი ამომრჩეველი მოატყუა.

"ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ინსტიტუტები, ფაქტობრივად სახელმწიფო ინსტიტუტები. არსებობს არაფორმალური მართვა. ყაველაშვილმა და მთელმა უმრავლესობამ მოატყუეს საერთაშორისო საზოგადოება. ასევე, მათ მოატყუეს საკუთარი ამომრჩეველი," - განაცხადა სერგო რატიანმა.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიცია მამუკა მდინარაძის კარების დარაჯად აქცია.

"სამწუხაროდ "ქართულ ოცნებას" არა აქვს არანაირი პასუხისმგებლობა საერთოდ. ის ადამიანებს უპირისპირებს ადამიანებს. ისეთ მძიმე დღეში ჰყავს ჩაყენებული ბიძინა ივანიშვილს პოლიცია, რომ ბატონმა კახა ბუხრაძე ამბობდა, რომ მან ვერ დაინახა როგორ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა სერგო რატიანს," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დღის ამბები