პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ დამატებით სხვა საქმეზე სასამართლო დღეს 15 საათზე იმსჯელებს. საუბარია ბუტა რობაქიძის მკვლელობის ახალ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ ოქრუაშვილთან ერთად ბრალი ზურაბ ადეიშვილსაც წაუყენა. მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
მოსამართლეს დღეს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ათ საათზე უნდა ემსჯელა, თუმცა სხდომა სწორედ ბრალდებულის თხოვნით გადაიდო.ირაკლი ოქრუაშვილმა ციხიდან წერილი გამოაგზავნა, რომელშიც ის ითხოვდა გონივრულ ვადას, რათა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და დეტალებს გასცნობოდა და უფლებადამცველი აეყვანა.
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, რომ მას ბრალდება წაუყენეს, თუმცა ბრალდების დეტალები არ გააცნეს, დღეს სასამართლო სხდომაზე უარყო ბრალდების მხარემ. პროკურორების თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა თავად თქვა ოქმზე ხელის მოწერაზე და უფლებადამცველის აყვანაზე უარი.
გამომდინარე იქიდან, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ამ ეტაპზე უფლებადამცველი არ ჰყავს, ხოლო მოსამართლემ გონივრულ ვადად მხოლოდ რამდენიმე საათი ჩათვალა, 15 საათისთვის ჩანიშნული სხდომისთვის, მას სახაზინო ადვოკატი დაენიშნება.
ოქრუაშვილის უფლებების დარღვევაზე საუბრობს ადვოკატი სულხან კომახიძე:
"ნებისმიერ პირს აქვს უფლება ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება, თავისი სურვილით მოიწვიოს ადვოკატი, მასთან შეათანხმოს პოზიცია და ისე წარმოადგინოს თავისი უფლებები სასამართლოში.ირაკლი ოქრუაშვილს როგორც აღმოჩნდა ამის უფლება არ მიეცა. სახაზინო ადვოკატის ცნება სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს. მას ადვოკატი დაენიშნება, თუ მხარე მიიღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას,"- განაცხადა სულხან კომახიძემ.
ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელის კოტე კემულარიას თქმით, ბრალდების მხარე ცდილობს, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესები ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე მოასწროს და ამის გამო საქმე სასამართლოში მოუმზადებლად წარადგინა:
ხანდაზმულობის ვადა გადის 15 წელი, ანუ დღეს თუ გაითხოვს, როგორც დღეს მოსამართლემ მიმართა, რომ იქნებ გაითხოვოთ, რომ ვადაში არ გავიჭედოო. არა, ვერ გავითხოვთო... იმიტომ, რომ 2 დღეში იწურება 15 წლიანი ვადა და ამის მერე ვერავინ დედამიწის ზურგზე ამ ბრალს ვერ წარუდგენს. მოსამართლემ უნდა წარუდგინოს ბრალი და მოსამართლემ უნდა მიუსაჯოს წინასწარი პატიმრობა, მაგრამ ამისთვის არაფერი არაა მზად. არც ადვოკატი ჰყავს და არც საქმის მასალებს გაცნობია," - განაცხადა კოტე კემულარიამ.