20 აპრილი 2024,   15:30
ვრცლად
ენმ არათუ მხარს უჭერდა, არამედ ებრძოდა პროპორციული სისტემის იდეას - ვოლსკიმ ახალგაზრდებს ენმ-ის მმართველობა შეახსენა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ, დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის წლებში საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

ვოლსკის თქმით, ფაქტები ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მთელი თავისი მმართველობის პერიოდში პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ გამოდიოდა:

"მინდა კარგად დავიწყებული ციტატა მოგაგონოთ: მაჟორიტარული სისტემის შეცვლის გარდა, ყველა საკითხზე შესაძლებელია მოლაპარაკება მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში - ეს სიტყვები არ ეკუთვნის ჩვენს იმ კოლეგებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლას. ეს 2010 წლის 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის გაკეთებული განცხადებაა. საზოგადოებას კარგად ახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" დამოკიდებულება პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ.თავი ვალდებულად მივიჩნიეთ შევახსენოთ ისტორიულ ფაქტები იმ ახალგაზრდებს რომელთაც “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ხანა არ ახსოვთ," - განაცხადა ვოლსკიმ და ბოლო 2 ათწლეულში საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები მიმოიხილა. ვოლსკის თქმით ფაქტები აჩვენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არათუ მხარს უჭერდა, არამედ ებრძოდა პროპორციული სისტემის იდეას.

ვოლსკის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" დააყენა დღის წესრიგში. 

"დღეს ქუჩაში გამოფენილ ოპოზიციას ბოიკოტი, რომ არ გამოეცხადებინა ცვლილებებისათვის, პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლის საკითხი კონსტიტუციაში უკვე ასახული იქნებოდა,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, მიუხედავდ ყველაფრისა "ქართულმა ოცნებამ" საკითხი კვლავ დააყენა დღის წესრიგში თუმცა 24 ივნისიდან მოყოლებული "ქართული ოცნების" წინააღმდეგ კეთდებოდა შეურაცხმყოფელი განცხადებები და ფეიკნიუსები ვრცელდებოდა.

"ამ ყველაფერმა კულმინაციას მიაღწია საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის დღეს. სწორედ ამიტომ რეალური საფუძველი შეიძინა ჩვენი კოლეგების ნაწილის მიერ დასმულმა კითხვამ, შესაძლებელია კი ასეთ პარტიებთან ერთად კოალიციური პასუხისმგებლობის აღება სტაბილურობისათვის? რომელთა დღის წესრიგში მთავარი დესტაბილიზაციის მოწყობა, რევოლუციური სცენარის განვითარებაა? ეს ძალები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესაფერხებლად, აქციებს გვიწყობენ ჩვენ, ვინც რეალურად განვახორციელეთ ცვლილება. მათ არაფერი გამოუვათ, სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე ნებისმიერ სამართალდარღვევას, უკანონო მოქმედებას მყისიერი რეაგირება მოჰყვება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

დღის ამბები