20 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
მეოთხე მცდელობა - აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი განახლდა

აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი განახლდა. დირექტორობა 10 კანდიდატს სურს, მათთან გასაუბრება დღეს დილიდან მიმდინარეობს.

პროცესი მას შემდეგ აღდგა, რაც კონკურსის შეჩერების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. კონკურსი გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე შეწყდა და ის, დღემდე  მესამე კონკურსის შედეგების მიხედვით არჩეულ დირექტორად მიიჩნევს თავს.

"მე ვიყავი მოგებული, ადამიანი თუ ესწრება სხდომას, არ აქვს უფლება კენჭისყრაში არ მიიღოს მონაწილეობა. იმათმა შეცდომები დაუშვეს, რა ჩემი ბრალია," - აცხადებს გიორგი კოხრეიძე

აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის შერჩევა 3 მცდელობის მიუხედავად ვერ მოხდა. მეოთხე მცდელობაში მონაწილეობას 10 კანდიდატი იღებს.  კონკურსში მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ ბორდი, რომელმაც ახალი ხელმძღვანელი უნდა აირჩიოს მიკერძოებულია და დადებითად არის განწყობილი "ქართული ოცნების" მიმართ, შესაბამისად ისინი ხელისუფლების რჩეულს დაუჭერენ მხარს ტელევიზიის ხელმძღვანელის პოსტზე.

ხელისუფლების მხრიდან ჩარევას კატეგორიულად უარყოფს არჩილ თალაკვაძე:

"ჩარევა ხელისუფლების მხრიდან არავის სარედაქციო დამოუკიდებლობაში არ ხდება და არ მოხდება. ეს იყო ადრე, როცა ნაციონალური მოძრაობა ბოქლომებს ადებდა მედიას და ადამიანის უფლებებს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები