07 დეკემბერი 2019,   20:05
ვრცლად
ხმაურიანი სხდომა საკრებულოში - სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე, ტრიბუნის დაბოქლომებით დაიწყო. "ევროპული საქართველოს" წევრმა გოკა გაბაშვილმა მცირე განცხადება გააკეთა, საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს მიმართა და სხდომათა დარბაზი დატოვა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმაური ამით არ ამოწურულა. ცხარე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საკრებულოს წევრმა, საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ვატო შაქარაშვილმა "ოცნების" წევრებს სიტყვით მიმართა, ხელისუფლება უმოქმედობაში და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაციაში დაადანაშაულა, ამის შემდეგ კი სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

მას სოლიდარობა გამოუცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა, მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა.

დაძაბულობამ სხდომიდან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კაბინეტში, დახურულ კარს მიღმა გადაინაცვლა. გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ვატო შაქარაშვილსა და "ოცნების" დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სხდომათა დარბაზში შესვლას არ გეგმავდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი, თუმცა მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ის პროვოკაციაში დაადანაშაულა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძეს საპირისპირო არგუმენტებით დარბაზის აივნიდან უპასუხა. მისი მტკიცებით, მას საკრებულოში მოქალაქეებთან შეხვედრის უფლება არ მისცეს.

სხდომათა დარბაზი საკრებულოში დღეს ერთადერთი ადგილი არ იყო, სადაც ვითარება დაიძაბა. სხდომის დასრულების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები შენობის გარეთ ირაკლი ნადირაძის თავისუფლების მოთხოვნით პლაკატის გაკვრას შეეცადნენ, რისი საშუალებაც მათ საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურმა არ მისცა.

საბოლოოდ, ოპოზიციის ლიდერებმა საკუთარი გუნდის წევრის მიმართ სოლიდარობის გამოცხადება შენობის შიგნით მაინც შეძლეს.

საკრებულოს სხდომა დღეს ხმაურისა და სამართალდამცველების მობილიზაციის ფონზე გაიმართა.

დღის ამბები