07 დეკემბერი 2019,   20:45
ვრცლად
მოძრაობა "შეცვალეს" წევრი თავისუფალია - ტიტე გედენიძე სამართალდარღვევის არარსებობის გამო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ტიტე გედენიძე ჯერჯერობით ერთადერთი აქტივისტია, რომელიც 18 ნოემბრის შემდეგ დაკავებულთაგან სანქციის გარეშე გათავისუფლდა. სამსაათიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა დაადგინა, რომ გედენიძის ბრალდების საფუძველი არ არსებობდა და საქმის წარმოება შეწყვიტა. ვიდრე დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებულ აქტივისტს დარბაზიდან გათავისუფლებდნენ, მან დაკავების მომენტი გაიხსენა და თქვა, რომ დანაშაულს არ აღიარებდა. 

გედენიძის ჩათვლით გუშინ "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე მოძრაობა "შეცვალეს" ოთხი აქტივისტი დააკავეს. ოთხივე საქმე ერთმა მოსამართლემ უნდა განიხილოს, რის გამოც პროცესების დასრულება დღის ბოლომდე ვერ ესწრება. აქტივისტები სასამართლო განხილვების მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობენ. მოძრაობა შეცვალეს მსგავსად დღეს მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებიც შერჩევით მიდგომაზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ დაკავებები საპროტესტო აქციების გეგმებს ვერ ჩაშლის. 

18 და 21 ნოემბერს დაკავებული 41 პირის საქმეებიდან სასამართლომ ამ დროისთვის გადაწყვეტილება მხოლოდ 13-თან მიმართებაში მიიღო. ათი მათგანი ადმინისტრაციულ პატიმრობაშია. ერთ-ერთმა დაკავებულმა, ბექა ბასილაიამ, იზოლატორიდან წერილი გაავრცელა და სააპელაციო სარჩელზე სასამართლოს უნდობლობის მოტივით უარი თქვა. ნაწილი გათავისუფლების მოთხოვნით სააპელაციო სარჩელს ამზადებს.

სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა დღეს პოლიცია დაკავებულის მიმართ ფიზიკურ ძალადობაშიც დაადანაშაულეს. ამ შინაარსის განცხადება გორის იზოლატორთან გაკეთდა, სადაც 18 ნოემბერს შემდეგ პატიმრობაში მყოფი აქტივისტები "ლელოს" წევრებმა მოინახულეს. კახა კოჟორიძის ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ "ლელოს" წევრს, გიორგი ბუნტურს

გადაცდომები დაკავების მომენტში, დარღვევები იზოლატორში ყოფნის დროს და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებები - ეს კრიტიკული შეფასებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სახალხო დამცველის მიერ 18 ივნისს დაკავებულებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ჩაიწერა.

ნინო ლომჯარია მისი აპარატის დასკვნაზე დაყრდნობით პროკურატურას და საქართველოს პარლამენტს მიმართავს, საგამოძიებო ორგანოს მოუწოდებს დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საკუთარი ინიციატივით მიმართოს. რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, ლომჯარია დეპუტატებს მიმართავს, რომ საბჭოთა დროს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სასწრაფოდ და ისეთი ფორმით შეცვალონ, რომ კანონმა როგორც დაკავების ფაქტების, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთება უზრუნველყოს.

დღის ამბები