მმართველი პარტიის ყველა პოლიტიკური ოპონენტი გამართლებულად მიიჩნევს პროტესტის იმ ფორმას, რომელსაც აქციის მონაწილეები ბოლო დღეების განმავლობაში მიმართავენ.
ზუგდიდის მაჟორიტარმა, მერაბ ქვარაიამ პრესკონფერენციაზე იმის ახსნაც ვერ მოასწრო, თუ რატომ მიიჩნევს ნაადრევად პროპორციულ სისტემას, რა დროსაც ახალგაზრდების ჯგუფი ოთახში შევიდა და პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია ჩაშალეს.
ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდულმა ფრთამ, დეპუტატი მერაბ ქვარაია ავტომობილამდე შეძახილებით მიაცილა. აქტივისტების თქმით, პოლიტიკოსს პასუხი არ ჰქონდა, მაჟორიტარის განცხადებით კი, ეს მათ არ სურდათ პასუხების მოსმენა.
მომხდარის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ სპეციალურად ახალგაზრდებისთვის უახლოესი წარსულიდან დეტალები გაიხსენა, მათ შორის მერაბ ქვარაიას ბიოგრაფიიდანაც.
ყველაფერს, რაც დღეს საქართველოში ხდება, დამსახურებულად და სამართლიანად მიიჩნევს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, რომელმაც პრესკლუბში სავარძელი სწორედ ქვარაიას შემდეგ დაიკავა.
ლევან კობერიძე ახლა იმაზე ფიქრობს, ვისთან ექნება გადაკვეთა სამომავლო პოლიტიკურ გეგმებში, განსხვავებით "პატრიოტთა ალიანსისგან", სადაც ვინმესთან თანამშრომლობა ცალსახად გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ 30 ნოემბერს მარტო იმოქმედებენ.
გეგმები აქვთ "ლელოშიც", მათი თქმით, პროტესტს ზურგსუმაგრებს ის ფაქტი, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ბოლო კვლევებით მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.
პროექტს, რომლის აუცილებლობაზეც ოპოზიცია საათობით საუბრობს, მხარი არ დაუჭირა შოთა ხაბარელმა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილებამდე გუნდური დისციპლინის პრინციპით მოქმედებდა. უკვე დღეს კი, დეპუტატს დიმიტრი ხუნდაძის სრულად მაჟორიტარული პროექტიც მოსწონს და განხილვებში ჩართვასაც გეგმავს.
როგორ გაგრძელდება პოლიტიკური ცხოვრება, ერთად, ცალ-ცალკე, შერეულად თუ მაჟორიტარულად, ამას პოლიტიკური პროცესები განსაზღვრავს.
მანამდე კი ყველას, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარი თქვა, პროტესტის მონაწილეები აფრთხილებენ, რომ მშვიდი ცხოვრების გაგრძელების კომფორტს არ მისცემენ.