23 აპრილი 2024,   17:10
ვრცლად
"ანიტასთვის" - კამპანია 2 წლის გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად

"ანიტასთვის" - ამ სახელწოდების კამპანიაში საქართველოს მასშტაბით უამრავი ადამიანია ჩართული, რომლებმაც თავიანთი პროფესიები ერთი საერთო მიზნისთვის გააერთიანეს.

გიორგი ალალიძე ერთ-ერთია, ვინც კამპანიაში რამდენიმე დღის წინ ჩაერთო. უკვე 2 წელია რესტორანში ბარმენად მუშაობს და გადაწყვიტა მისი ხელფასის ნახევარი ანიტას დასახმარებლად გაიღოს.

ხელით მოხატულ მაისურებს წლებია თავად ქმნის ნათია მახათაძე, რომელიც თავის ნაშრომს ინტერნეტით ყიდის და შემოსული თანხის ნაწილს ანიტას ანგარიშზე რიცხავს.

კამპანიამ არაერთი ადამიანი გააერთიანა. მათ შორისაა სკოლის მოსწავლე მარიამ ხაბულიანი. ხელნაკეთი ჩანთების კეთება სკოლის პერიოდში დაიწყო და ამ საქმით გოგონას სიცოცხლის გადარჩენაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

2 წლის გოგონას დილატაციური კარდიომიოფატია რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა. ის ახლა მშობლებთან ერთად ავსტრიაში მკურნალობის დაწყებისთვისაა წასული.

ანიტას დედა "კურიერთან" საუბრისას დეტალებს იხსენებს. მარიამ სადრაძისთვის მომხმარებელთა მსგავსი აქტიურობა მოულოდნელი იყო და ჯგუფში გაერთიანებული ადამიანების საქმემ კიდევ უფრო დააიმედა.

კამპანია - "ანიტასთვის" სოციალურ ქსელში ამ დრომდე წარმატებით ფუნქციონირებს. მითითებულია ანგარიშის ნომერიც. პატარა გოგონას ახლა სიცოცხლის გადასარჩენად გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, რომელსაც 300 000 ევრო სჭირდება.

დღის ამბები