19 აპრილი 2024,   14:54
ვრცლად
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 2 პირი სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ უკვე გათავისუფლდა 

მთელი დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში სოლიდარობის აქციები მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტები აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება 8 პირი, მათი ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. ორ დაკავებულს კი დღეს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ამოეწურა. მათ წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვეს.

ლუკა ჭიჭინაძე 18 ნოემბერს დაკავებულთაგან ერთ-ერთია. 5 დღიან ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ სტუდენტი და აქტივისტი კვლავ საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ამბობს, რომ საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა უსამართლოდ შეუფარდა, თუმცა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და ზემდგომ ინსტანციაში ასაჩივრებს აქციაზე დაკავებულების ადვოკატი. ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, 18 ნოემბრის შემდგომ განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ სასამართლო პოლიტიკურად მიკერძოებულია და სისტემური ხარვეზებით მუშაობს.
უფლებადამცველის თქმით, სააპელაციო სასამართლოს მომავალი გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულებისთვის კიდევ ერთი გამოცდა იქნება.

18 ნოემბერს დაკავებულთა მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია დღეს ვერის ბაღში გაიმართა. მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" წევრები თვლიან, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტები პოლიტიკური პატიმრები არიან. აქციის ორგანიზატორები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

18 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირებისა და აქციის დაშლის დროს პოლიციამ 36 აქტივისტი დააკავა. დაკავებულთაგან 10 ადამიანს ადმინისტრაციული სასჯელის სახით 5-დან 13 დღემდე პატიმრობა შეეფარდა. ამ დროისათვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში 8 დემონსტრანტი რჩება. მათ შორის ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი,საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე და აქციის სხვა ლიდერებიც არიან.

დღის ამბები