19 აპრილი 2024,   22:44
ვრცლად
პარლამენტის მიმდებარედ სამართალდამცავების მასშტაბური მობილიზებაა

საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. ადგილზეა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ავტობუსი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო ბრიგადებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფების მობილიზება მთელი დღის განმავლობაში პარლამენტის შიდა პერიმეტრზეც ხდება. "კურიერის" ინფორმაციით, საპოლიციო ძალები აირწინაღებით არიან აღჭურვილები. 

სამართალდამცველები მრავლად არიან პარლამენტის ე.წ. გვირაბშიც, სადაც "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო, თუ როგორ შედიოდნენ ისინი შესაბამისი ეკიპირებით

დიდი რაოდენობით სამართალდამცველების მობილიზებაა ასევე 9 აპრილის ბაღშიც, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ტერიტორია, სადაც უწყებამ საპოლიციო ძალები განათავსა.

სამართალდამცავები ასევე მრავლად არიან მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სამართალდამცავების მობილიზება კი ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩაზე აღინიშნება, სადაც პარლამენტში შესასვლელი ორი ჭიშკარი მდებარეობს. აქციის მონაწილეები სწორედ ამ ჭიშკრის დაბოქლომებას აპირებენ.

თუ გასული კვირის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, სწორედ ამ ჭიშკრის დაბოქლომებით მოახერხეს აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება.

დღის ამბები