18 აპრილი 2024,   12:29
ვრცლად
"ოცნება" გარკვეულ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატს არ დააყენებს - ოპოზიცია ინიციატივას უნდობლობას უცხადებს 

ხელისუფლების 5-პუნქტიან გეგმაში, რომელიც დღეს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა გაახმოვანა, წერია, რომ  მმართველი პარტია არ წარადგენს კანდიდატს არცერთ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც კონკურენტებს გამარჯვების შანსი ექნებათ. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი. შედეგად, უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიციისთვის მმართველი გუნდის მიერ გაჟღერებული ეს ინიციატივა მიუღებელია და მას უნდობლობას უცხადებს. ხელისუფლების ოპონენტები ეჭვობენ, რომ "ოცნება" არავითარ შემთხვევაში არ მისცემს სხვებს გამარჯვების საშუალებას და აქაც, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში, ხელოვნური პროცესები დაიწყება.

ოპოზიციაში არსებობს კიდევ ერთი ეჭვი, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტია ამ ინიციატივით ოპოზიციის დაყოფას ცდილობს, რათა მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით მათში განხეთქილება შეიტანოს.

მმართველ პარტიაში დღეს ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი მრავალფეროვანი პარლამენტის შექმნის იდეითაა ნაკარნახევი და მათთვის თანამდებობებზე მეტად სწორი პოლიტიკური პროცესებია მნიშვნელოვანი, კერძოდ ის, რომ შესაძლებლობების გზები გაეხსნას ყველას, გარდა ”ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან აფელირებული პარტიებისა. 

დღის ამბები