20 აპრილი 2024,   00:48
ვრცლად
სამართალდამცავების გაძლიერებული მობილიზება პარლამენტთან და "ქართული ოცნების" ოფისთან დილიდან დაიწყო

აქციებისთვის სამართალდამცველთა მობილიზება დღეს დილიდან დაიწყო. დამატებითი დანაყოფები დღეს პარლამენტის გვირაბშიც შეიყვანეს. სპეციალური დანიშნულების რაზმების გარდა, მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.

პარლამენტში დაცვის გაძლიერებული ზომები პიკეტირებამდე გაცილებით ადრე - დილიდანვე დაიწყო.

შესაბამისი ზომები მიიღეს პარტია "ქართული ოცნების" სათაო ოფისშიც. პოლიციის დანაყოფები უმრავლესობის იმ წევრების უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, რომლებიც დილიდან პარტიაში შეხვედრებს მართავდნენ. 

პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება იყო 9 აპრილის ბაღშიც.

"ქართული ოცნების" ოფისის პარალელურად აქცია-პერფორმანსი გაიმართა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა გალიაში ჩასმული ზებრა მიიყვანეს.

საღამოს შვიდი საათისთვის დაგეგმილი აქციის სამზადისის პარალელურად, პოლიციამ "ევროპული საქართველოს" წევრი და მძღოლი დააკავა.

ავტომობილი კი რომლითაც რუსთაველის გამზირზე შეშა გადაჰქონდათ, საჯარიმოზე გადაიყვანეს. დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო.

ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ოზურგეთის ცენტრში ოპოზიციის გამოჩენას, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მუნიციპალიტეტის შენობის წინ პალმა დააბოქლომეს.

ავტორი: ქეთევან ზანთარაია

დღის ამბები