20 აპრილი 2024,   00:34
ვრცლად
მოავლენს თუ არა გაერო სპეციალურ კომისარს ვაჟა ექიმის გამოსახსნელად - ოჯახი ოკუპანტებზე ზეწოლას ითხოვს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრიდაშვილის ოჯახი გაეროსგან სპეციალური კომისრის მოვლენას ითხოვს. წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ და შვილმა დღეს მიიტანეს.

წერილით ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა საგარეო უწყებას მიმართა. საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის მეუღლე ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს და საერთაშორისო საზოგადოების მოლაპარაკებების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. ოჯახისთვის ქართველი ტრავმატოლოგის მაქსიმალურად მოკლე დროში გათავისუფლების ერთადერთი გზა საოკუპაციო რეჟიმზე დასავლეთის ზეწოლაა. კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც ქართველი ექიმის ოჯახს აქვს, გაეროს სპეციალური კომისრის საქართველოში ჩამოსვლაა.

ოჯახის წევრებს ქართველი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია არ აქვთ. იმის გამო, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ოკუპირებულ ცხინვალში დღესასწაულებს აღნიშნავენ და დასვენების დღეები აქვთ, წითელმა ჯვარმა ვაჟა გაფრინდაშვილის ახლობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება ვერ შეძლო.

მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის ოჯახის წევრებმა საგარეო უწყებას მიმართეს, მათ მინისტრის მოადგილე შეხვდა. ლაშა დარსალიას შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ქართველი ექიმის უმოკლეს დროში გათავისუფლებაა.

ქართველი ტრავმატოლოგის გათავისუფლების მოთხოვნით, მისი დაკავების დღიდან არაერთი აქცია გაიმართა. სოლიდარობა კოლეგას როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა ექიმებმაც გამოუცხადეს. აქციები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, მანამდე გაგრძელდება, სანამ ის ცხინვალის იზოლატორს არ დატოვებს.

სამედიცინო პერსონალის გარდა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს სოლიდარობას ხელოვანებიც უცხადებენ.

ქართველი ექიმი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს, ახალგორის ტერიტორიაზე დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილს ამ დროისთვის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა ექიმის ოჯახი სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებსაც მიმართავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები