16 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
ოპოზიცია და "ოცნება" დიალოგის რეჟიმში გადადიან - რას დათმობენ მხარეები კონსენსუსის მისაღწევად

"ქართული ოცნების" მიერ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებისა და ოპოზიციის ორკვირიანი ხმაურიანი პროტესტის შემდეგ, ხვალ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას პირველად მიუსხდებიან.

შეხვედრის ინიციატორი დიპლომატიური კორპუსია - ამ დეტალზე დღეს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განსაკუთებული აქცენტი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ დიალოგი იწყება, მმართველი გუნდის პოზიცია ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით უცვლელია.

"ქართული ოცნების" გუნდიდან დაანონსებულ შეხვედრას არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და იურისტთა ნაწილი დაესწრებიან. უცნობია, ვინ მივა მოლაპარაკებაზე ოპოზიციიდან.

ერთადერთი საკითხი, რაზეც ხელისუფლებასთან ოპონენტები საუბარს გეგმავენ, გერმანულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული მოდელია. ოპოზიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ უნდა იყოს "შეხვედრა შეხვედრისთვის".

30-მა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს მემორანდუმს მოაწერა ხელი და საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მხარდაჭერა დოკუმენტურად დააფიქსირა. ოპოზიციის მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტი ვენეციის კომისიასა და ეუთოს გადაეგზავნება. ავტორების თქმით, იმაზე, რომ ცვლილებათა პაკეტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია თანხმდება.

მოლაპარაკების ფორმატზე სასაუბროდ დღეს პარლამენტში ევროკავშირის ელჩი მივიდა. კარლ ჰარცელის განცხადებით, დიალოგი სასწრაფო და აუცილებელია. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების რეჟიმს მხარს უჭერს საქართველოში აკრედიტირებული მთელი დიპლომატიური კორპუსი.

ინფორმაციას, რომ მოლაპარაკებები იწყება, რამდენიმე საათში ჯეიმს აპატურაი გამოეხმაურა. როგორც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს, კონსენსუსის მიღწევა დემოკრატიის დემონსტრირება იქნება.

დღის ამბები