24 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
დიმიტრი ხუნდაძის ახალი, გასაიდუმლოებული ინიციატივა - რაზე ვერ თანხმდება მმართველი გუნდი

"მალე გაიგებთ" - ასე უპასუხეს ე.წ. ამბოხებულმა მაჟორიტარებმა დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც დეპუტატებს იმ ახალი ინიციატივის შესახებ ჰკითხეს, რის განხილვასაც უმრავლესობის წევრებს შორის კამათი და ხმაური მოჰყვა. 

"კურიერმა" გაარკვია, რომ მამუკა მდინარაძის კაბინეტში ე.წ. ამბოხებულ მაჟორიტარებსა და უმრავლესობის ლიდერებს შორის ხმამაღალი კამათი იყო. საუბარია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე, რომლის დაყენებასაც მაჟორიტარები აპირებენ. კონკრეტულად რაზეა საუბარი, უმრავლესობის ლიდერის კაბინეტიდან გამოსულებმა "კურიერთან" არ განმარტეს.

უმრავლესობის დეპუტატებს შორის ხმაურიანი კამათისას მამუკა მდინარაძის კაბინეტთან ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გამოჩნდა. ჰარცელმა პარლამენტი მალევე, კომენტარის გარეშე დატოვა.

ვიდრე კარლ ჰარცელი უმრავლესობის ლიდერს ხვდებოდა, ოპოზიციამ პარლამენტში საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელზე მორგებული კანონპროექტი ოფიციალურად დაარეგისტრირა. ეს სავალდებულო პროცედურაა, რის შემდეგაც სახალხო დამცველს დოკუმენტის ეუთო/ოდირში გადაგზავნა შეუძლია.

საერთაშორისო ექსპერტებისგან პოლიტიკური პარტიები მთავარ კითხვაზე პასუხს ელოდებიან - არის თუ არა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სისტემა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეუთო/ოდირი დაადასტურებს, რომ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. პოლიტიკოსების თქმით, ამის შემდეგ ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევს.

საერთაშორისო ექსპერტიზაზე საკანონდებლო ცვლილებების გაგზავნას პირველი დღიდან ეწინააღმდეგება მმართველი გუნდი. როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, შესამოწმებელი არაფერია და ოპოზიციის მიერ მომზადებული ვერსია კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

საერთაშორისო ექსპერტებთან ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის გაგზავნის პარალელურად, პროცედურის მიხედვით, საკითხი პარლამენტმაც უნდა განიხილოს. ინიცირების შემდეგ, დოკუმენტი ბიუროს გადაეცემა და განხილვა კომიტეტებში დაიწყება.

ამავე თემაზე
დღის ამბები