პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ამბობს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩარევას ცდილობენ და საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
"ჩვენს ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. თუ რომელიმე ეს უფლება ცდება საკანონმდებლო ჩარჩოს სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს, რომ ეს მოქცეული იყოს სამართლებრივ ჩარჩოებში. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ ახალგაზრდების ჩარევას და ამ ემოციურ ფონზე საკუთარი ინტერესებისთვის მათ გამოყენებას, ეს არის ძალიან ცუდი," - განახადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით კი, რადიკალიზაცია დესტრუქცია ქვეყანას აზარალებს და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ეკონომიკამ ნაკლებად იგრძნოს არსებული ვითარების გავლენა.