26 წლის მამაკაცს, რომელიც სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, ტვინის შერყევა აქვს - ამის შესახებ დაზარალებულის მამამ "კურიერს" განუცხადა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები ტატო შეითნიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შესაბამის უწყებებს უკვე მიმართეს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც სწავლობს. თავად ახალგაზრდა მამაკაცი კამერებთან არ საუბრობს, თუმცა კომენტარებს მისი ოჯახის წევრები აკეთებენ.
"ტვინის შერყევით არის ბავშვი, განყოფილებაში ვერ გაბედავდნენ, იქ კამერებია. დაკავების დროს ცემეს,"- განაცხადა დაშავებულის მამამ, გია შეითნიშვილმა.
ტატო შეითნიშვილმა პოლიციელების მხრიდან ძალადობის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და დაზიანებების ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა. ძალადობის ფაქტს უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, შეითნიშვილი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს და ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.