19 აპრილი 2024,   11:35
ვრცლად
ორი კანონპროექტი პარლამენტში: ოპოზიცია ეუთო/ოდირს მიმართავს - ხუნდაძე "ოცნების" შეცდომის გამოსწორებას იწყებს

იმისთვის, რომ ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს, მცხეთის მაჟორიტარს კონსტიტუციის გადაწერა სურს. დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეცდომა დაუშვა, როცა ახალ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ 2024 წელს ქვეყანაში არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. მონანიებას კი ახალი კანონპროექტით აპირებს.

დიმიტრი ხუნდაძეს ამ დროისთვის 9 თანამოაზრე ჰყავს, რომელთან ერთადაც უკვე დააკომპლექტა საინიციატივო ჯგუფი. იმისთვის, რომ ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეს და პარლამენტი კი ორპალატიანი გახდეს, მცხეთის მაჟორიტარი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარები ამტკიცებენ, რომ კონსტიტუციის გადაწერასაც შეძლებენ, თუკი მოსახლობის შესაბამისი მხარდაჭერა ექნებათ. ისინი ამ თემაზე 2020 წელს პლებისციტის ჩატარებასაც არ გამორიცხავენ და ამტკიცებენ, რომ კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან ამ დრომდე არ ჰქონიათ.

ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების ინიციატივაზე უმრავლესობის ფორმატში ხვალ "ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილთან ერთად იმსჯელებენ. მოთხოვნა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე დააყენა, რომლისთვისაც საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების საკითხის დღის წესრიგში ჩასმა მოულოდნელი აღმოჩნდა.

უმრავლესობის უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა, ნაწილი დიმიტრი ხუნდაძეს აკრიტიკებს, ნაწილი კი აქცენტს მოსახლეობის არჩევანზე აკეთებს.

უმრავლესობაში დაპირისპირებისა და მაჟორიტარების ამბოხის არ სჯერა ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მაჟორიტარები, რომელთა ნაწილი პარლამენტში სამი წლის განმავლობაში სიტყვითაც კი არ გამოსულა, ბიძინა ივანიშვილს ვერ დაუპირისპირდება. ისინი ამბობენ, რომ მმართველი პარტია დაძაბულობის ესკალაციას ცდილობს.

ქუჩაში გასული ოპოზიცია კი "ქართული ოცნების" შეუსრულებელ დაპირებას უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებს. საპარლამენტო ოპოზიციამ, რომელიც საკანონმდებლო საქმიანობის ბოიკოტის რეჟიმშია, უკვე დააინიცირა ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვერსია. მას შემდეგ, რაც კანონპროექტს კომიტეტზე განიხილავენ, სესიაზე გავა.

საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ამ დროისთვის უცნობია, როგორ აპირებს ხმების მობილიზებას მცხეთის მაჟორიტარი, როცა ამ დროისთვის მის ინიციატივას მხოლოდ 10 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს. ინიციატორებს სჯერათ, რომ თუკი მეცხრე მოწვევის პარლამენტი ვერ შეძლებს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, ამ საკითხზე უკვე მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანო იმსჯელებს.

დღის ამბები