"ვერ გაგვაჩერებთ" - ამ ლოზუნგით ოპოზიციური პარტიის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად დღეს ქუთაისში შეიკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობით ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ გაემართებიან. ოპოზიცია ამბობს, რომ პროტესტი მშვიდობიანი იქნება და ხელისუფლებას მოუწოდებენ ძალადობრივი ჯგუფები არ დაუპირისპირონ.
დემონსტრანტები მსგავსი ფორმატის მსვლელობებსა და პროტესტის გაგრძელებას სხვადასხვა რეგიონებშიც გეგმავს.
მოთხოვნა უცვლელია - ვადამდელი პროპორციული არჩევნები, დაინიშნოს დროებითი მთავრობა და მოხდეს ცესკოს ხელახალი დაკომპლექტება.
"მშვიდობიანად, მკაცრად და პრინციპულად ვუპასუხოთ და გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ დაანებოს თავი ორგანიზებას ამ ძალადობრივი ჯგუფების, ძალიან მძიმედ ჩანს ეს და მათ შორის მძიმედ ჩანს, როდესაც პოლიციას აძლევენ დავალებას, რომ არ დაიცვას ოპოზიციის ოფისები, ამიტომ ეს იქნება მსვლელობა ისეთივე, როგორიც იყო თბილისში და ჩვენი მოთხოვნა იქნება თავისუფალი პროპორციული არჩევნები," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
პარლამენტის წევრი, "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მსვლელობა მშვიდობიანი და არაძალადობრივი იქნება. მისი თქმით, მსგავსი აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და რეგიონებშიც გაგრძელდება.
"ქართულმა ოცნებამ" და ივანიშვილმა უნდა გაიგოს, მათი შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დამთავრდება არა მაშინ, როდესაც სპეცრაზმს გამოიყენებენ ხალხის წინააღმდეგ ან კონტრაქციებს ჩაატარებენ, მათი შექმნილი კრიზისი დამთავრდება მაშინ, როდესაც ერთად მოვძებნით გამოსავალს," - აცხადებს დავით ბაქრაძემ.
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძის განცხადებით, საწინააღმდეგო მხრიდან კონტრაქცია იქნება, ეს კიდევ ერთხელ მათ უსუსურობას და მარგინალობას გაუსვამს ხაზს.
"ჩვენ კვლავ მშვიდობიანი პროტესტი გვექნება, მსვლელობა გვექნება. ექნებათ კონტრაქცია? ეს კიდევ ერთხელ მათ უსუსურობას და მათ მარგინალობას გაუსვამს ხაზს," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დიდი საპროტესტო მიტინგი თბილისშიც გაიმართება. ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ყველას ერთი გზა აქვს, - სამართლიანი არჩევნების მიღწევა.
ავტორი: ნათია გოგიშვილი