20 აპრილი 2024,   03:50
ვრცლად
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა იგეგმება

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა იგეგმება. მთავარი განსახილველი საკითხი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული კანონპროექტი იქნება, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება. სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული.

სიახლე მმართველ გუნდში მორიგი დაპირისპირების მიზეზი უკვე გახდა. უმრავლესობის ლიდერები კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან და დარწმუნებული არიან, რომ ინიციატორები მის დამტკიცებას ვერ შეძლებენ. ავტორები კი ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. 10  მაჟორიტარის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს 113-ი დეპუტატის ხმა ესაჭიროება.

ვიცესპიკერი გია ვოლსკი მაჟორიტარების გააქტიურებას ოპოზიციის ქმედებებს უკავშირებს. მისი თქმით, ოპონენტების დესტრუქციულმა ქმედებებმა მაჟორიტარ დეპუტატებს გაუძლიერა შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაძლებელია ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება მსგავსი ოპოზიციის და არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში:

"დესტრუქციულმა მოქმედებებმა, ბოქლომიზაციის პროცესმა, აგრესიამ მნიშვნელოვან წილად გაზარდა და გააძლიერა ის შეკითხვები, რაც ამ მაჟორიტარ დეპუტატებს ადრეც ჰქონდათ. კონსტრუქციული მაგრამ პრინციპული განხილვა გვექნება ამ საკითხზე,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თემაზე პოზიციების გაცვლის მომხრეა, თუმცა თავად იდეის წინააღმდეგი:

"ნებისმიერ იდეას შეიძლება ქონდეს გასაქანი და მიეცეს ანალიზი და მსჯელობა, თუმცა მე მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი და მე არ ვეთანხმები ამ იდეას. ჩვენ შეგვიძლია გუნდში გავცვალოთ პოზიციები, მაგრამ მე ვიქნები იმ იდეის მომხრე, რომ აღნიშნულ წინადადებას მხარდაჭერა არ უნდა ქონდეს,"- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები