19 აპრილი 2024,   07:13
ვრცლად
ოპოზიცია ბიუჯეტის განხილვებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

მთავრობის მიერ მცირედით შეცვლილი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დასკვნით ფაზაში გადადის. საკითხზე მსჯელობას დეპუტატები დღეს ფინანსურ კომიტეტში აპირებენ. ოპოზიცია პროექტს მიუღებლად მიიჩნევს. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებს ვერ პასუხობს და განხილვებში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობენ. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ უმრავლესობაში. მომავალი წლის ბიუჯეტი წლის ბოლომდე უკვე დამტკიცებული უნდა იყოს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, ბიუჯეტის ხარვეზებმა უკვე იჩინა თავი და მას მაგალითად ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი მდგომარეობა მოჰყავს:

"ბიუჯეტის ხარვეზებმა უკვე იჩინა თავი, ფაქტობრივად არის კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომლის ჩავარდნაზეც ვაფრთხილებდით ჩვენ და არავითარი ფული უკვე აღარ ეყოფა ამ მექანიზმებით შემუშავებულ გეგმას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ხორციელდება. ამ ბიუჯეტის პირობებში მრავალი სხვა სფერო ჩავარდება მძიმე მდგომარეობაში. სამწუხაროდ, ის ფასების ზრდას კვლავ შეუწყობს ხელს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ბიუჯეტს "ქართული ოცნების" ინტერესებზე მორგებულებს უწოდებს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე მისი პოლიტიკური ძალა ბიუჯეტის განხილვებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს:

"ისევ და ისევ გრძელდება ქართველი ხალხის ხარჯზე ქართული ოცნების კეთილდღეობის ზრდა და მეტი არაფერი. ადამიანები ყოველდღიურად უყურებენ გაზრდილ ფასებს სურსათის მაღაზიებში და აფთიაქებში. დღეს რაც ხორციელდება ეს მორგებულია ქართული ოცნების პარტ-აქტივზე, მორგებულია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა პირებმა იშოვონ დიდი ფული. ამ ეტაპზე, როცა ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ  კრიზისშია, ჩვენ ამ ბიუჯეტის განხილვებში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის თქმით, კორექტირებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ის შენიშვნები, რაც პარლამენტს ჰქონდა:

"შემაჯამებელი, საბოლოო ვერსიის განხილვა გვექნება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე.  14,4 მილიარდს აღწევს ასიგნებები ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 მილიარდით მეტს დახარჯავს სახელმწიფო 2020 წელს. კორექტირებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ის შენიშვნები, რაც პარლამენტს ჰქონდა,"- განაცხადა კოვზანაძემ.

დღის ამბები