19 აპრილი 2024,   07:25
ვრცლად
სრულად მაჟორიტარული აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია - სიმონ ნოზაძე ხუნდაძის ინიციატივის წინააღმდეგია

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გაუმართლებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს უპერსპექტივო საქმეა. როგორც დღეს უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად მისულმა ნოზაძემ განაცხადა, ცვლილების ინიციატორები, საკონსტიტუციო უმრავლესობის შეკრებას ვერ შეძლებენ. ნოზაძე ფიქრობს, რომ დიმიტრი ხუნდაძის და მისი თანამოაზრეების ინიციატივას არც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ექნება მხარდაჭერა:

"რაც შეეხება სრულად მაჟორიტარულს, ეს აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია და და ჩემი თვალსაზრისით უმთავრესი ნაკლი ამ სისტემის ის იქნება, რომ არ მოხდება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა აღზრდა, ადგილებზე როგორც წესი მაჟორიტარად ირჩევენ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული ბექგრაუნდი გააჩნია და პოპულარობით სარგებლობს ამა თუ იმ საარჩევნო უბანზე.

მე უპერსპექტივო საქმედ მიმაჩნია, რა თქმა უნდა 11-ზე მეტი ეყოლება მხარდამჭერი,მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ დააგროვებენ. მე მგონი ამ საკითხზე მსჯელობა იქნება და ბატონი ბიძინა დაესწრება, არა მგონია ბატონმა ბიძინამ მხარი დაუჭიროს სრულად მაჟორიტარულ არჩევნებს," - განაცხადა ნოზაძემ.

სიმონ ნოზაძის თქმით, მისთვის მიუღებელი იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნა და თუ აქციებს, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის სახე ექნებოდა, ის მზად იყო შეერთებოდა:

"ჩემთვის მიუღებელი იყო პროპორციულის კანონის ჩავარდნა და მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის სახე რომ ჰქონოდა აქციას,  რა თქმა უნდა, შევუერთდებოდით, მე და ბატონ ზურაბ ტყემალაძეს ამ თემაზე ნასაუბრები გვქონდა. მაგრამ თავიდანვე კანონის დარღვევით დაიწყო ეს აქცია და ჩემი ადგილი იქ, სადაც კანონის დარღვევაა, არ იქნებოდა,"- განაცხადა ნოზაძემ.

დღის ამბები