27 იანვარი 2020,   00:03
ვრცლად
პოლიციელმა მანქანაში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს რამდენჯერმე ესროლა - შემთხვევა წალენჯიხაში

ზუგდიდის სასამართლომ, წალენჯიხის პოლიციის თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ბრალდებულის მხრიდან შესაძლო მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხიდან გამომდინარე მიიღო. 

მოსამართლე შოთა ბიჭიას ინფორმაციით, დაკავებულმა ავტომანქანაში გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა.

"დაკავებულმა ავტომანქანაში გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა, თუმცა დაზიანება არცერთ მათგანს მიუღია. მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შედეგი ბოლომდე ვერ მიაღწია. რაც შეეხება მათ კონფლიქტს, საქმის მასალებით ჩანს, რომ იყო ურთიერთშელაპარაკება.

მიმალვისა და ახალი დანაშაულის საფრთეებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პატიმრობის გამოყენების საფუძველი არსებობდა," - განაცხადა მოსამართლე შოთა ბიჭიამ.

წალენჯიხის პოლიციის თანამშრომელის დაკავებას გამართლებულად არ მიიჩნევს მისი ადვოკატი და თვლის, რომ ამის საფუძველი არ არსებობდა.

"ბრალდებული 9 წლის განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში, მისი წარსული შებღალული არ გახლავთ, მეტიც, მას ძალიან დადებითად ახასიათებენ, ამიტომ ის საფრთხე, რომ მიემალებოდა გამოძიებას ან გავლენას მოახდენდა მონაწილეებზე მინიმალიზებული იყო. ამიტომ, არ უნდა გამოეყენებინათ პატიმრობა მის მიმართ, ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივროთ,"-  აღნიშნა დაკავებულის ადვოკატმა, ონისე მებონიამ.

შემთხვევა წალენჯიხაში 3 დეკემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ფიფიამ გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებსა და პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ბესიკ ფიფია დუმილის უფლებას იყენებს. 

დღის ამბები