19 აპრილი 2024,   11:35
ვრცლად
პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ექიმის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

"სკოლა და კლასელები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის" - ამ ლოზუნგით პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეკრებილები ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და იმედოვნებენ, რომ დაკავებული ექიმი მალე გათავისუფლდება საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან. კლასელების შეკრებაზე, იმყოფებიან ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი და მეუღლე.

როგორც უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის შვილმა ირინა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოეს მომავალში ე.წ სასამართლო სხდომის გამართვის შემდეგ მოხდება:

"ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში ჩაინიშნება ე.წ სასამართლო სხდომა, სადაც გადაწყდება ეს ამბავი და გაათავისუფლებენ მამაჩემს- ვაჟა გაფრინდაშვილს,"-განაცხადა ირინა გაფრინდაშვილმა.

პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორის თამარ კაპანაძის თქმით, შეკრების მიზანი ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა:

"ვაჟა გაფრინდაშვილი არის გიმნაზიის კურსდამთავრებული მისი კლასელების თხოვნით შევიკრიბეთ დღეს აქ, რათა სოლიდარობა გამოვხატოთ მისი და მისი ოჯახის მიმართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ როგორც ხელისუფლების ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მცდელობა უკვალოდ არ ჩაივლის და გაათავისუფლებენ,"- განაცხადა თამარ კაპანაძემ.

ვაჟა გაფრინდაშვილის თანაკლასელი ლევან გელაშვილი მოუწოდებს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს ასევე რუსეთის ხელისუფლებას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მალე მოხდეს:

"ჩვენ ვინც ერთად გავიზარდეთ ამ სკოლაში გვინდა რომ თანადგომა გამოვუხატოთ მას და მოვუწოდებთ სულ ყველას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს მთავრობას, რუსეთის ხელმძღვანელობას რომ დაგვეხმაროს და დავუბრუნოთ ეს კაცი თავის ოჯახს"- განაცხადა ლევან გელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს 15 ნოემბერს ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები