20 აპრილი 2024,   12:43
ვრცლად
"მამაომ გამაფრთხილა, ჩანთა არავის ხელში არ მოხვედრილიყო" - "კურიერი" ნარკოდანაშაულში მხილებული ბერის საქმის დეტალებზე

 

"კურიერმა" ნარკოდანაშაულში მხილებული სასულიერო პირის საქმეში ახალი დეტალები გაარკვია. ბრალდებულმა რომან მალანიამ, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, დღეს დილით საკუთარი ჩვენება შეცვალა. ბრალდებულმა, რომელმაც დანაშაული სხვის ნაცვლად საკუთარ თავზე აიღო, საქმის ახალ გარემოებებზე პირველად ისაუბრა.

რომან მალანიამ ჩვენება მას შემდეგ შეცვალა, რაც სასულიერო პირი ბერ-მონაზონი სვიმონ ქავთარაძე სამართალდამცავ უწყებას საკუთარი სურვილით ჩაბარდა და ნარკოდანაშაული აღიარა.

როგორც რომან მალანიას ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ამჯერად გამოძიებასთან ითანამშრომლა და დეტალებში მოუყვა გამოძიებას, თუ რა ვითარებაში მისცა მას ჩანთა სასულიერო პირმა, რომელშიც მოგვიანებით ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩნდა. 

"რომან მალანიამ დაადასტურა, რომ სინამდვილეში ჩანთა სადაც იყო ნარკოტიკული ნივთიერება მოთავსებული მას მამაომ გადასცა. მისი თქმით, ბერმა გააფრთხილა, რომ ჩანთა არავის ხელში არ უნდა მომხვდარიყო, განსაკუთრებით კი ორი ნივთი. როდესაც მალანიას პოლიციელებმა უთხრეს, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინა, გაახსენდა ბერის სიტყვები. მისი თქმით, პირველი რაც თავში მოუვიდა - დანაშაულის საკუთარ თავზე აღება იყო და თქვა, რომ ჩანთაში იყო ნარკოტიკული ნივთიერება" - განაცხადა უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ.

რომან მალანიას გირაოს უზრუნველყოფისთანავე გაათავისუფლებენ. სვიმონ ქავთარაძის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ კი სასამართლო 24 საათის განმავლობაში იმსჯელებს. სვიმონ ქავთარაძეს ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალს ოფიციალურად ამ წუთებში წარუდგენენ.

დაცვის მხარეს აქვს იმედი, რომ მას საპატრიარქო უშუამდგლომლებს, თუმცა სამეგრელოს ეპარქიაში აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ ლოცვა შეუძლიათ. 

"ჩვენი ვალი სწორედ ეს არის რომ ჩვენი თანადგომა იყოს ლოცვითი შუამდგომლობით გამოხატული. შვილისა და ძმის მობრუნებაზე ვიფიქროთ," - აცხადებს ერთ-ერთი სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, სვიმონ ქავთარაძე და რომან მალანია. ერთ-ერთი დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე 32 წლის მამა სვიმონ ქავთარაძეა.

ამ საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულ პირს რომან მალანიას სასამართლომ აღკვეთის სახით 10 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ამისათვის 30 დღიანი ვადა მიეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდამდე იგი საპატიმროში დარჩება.

დღის ამბები