25 აპრილი 2024,   19:28
ვრცლად
2020-ის შემდეგ 2024 - ე.წ. ამბოხებულ მაჟორიტარებს ქვეყნის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადაყვანა სურთ

მცხეთის მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე არ აპირებს უარი თქვას ხელმოწერების შეგროვებაზე, რომლითაც პროპორციულ სისტემაზე ქვეყანამ უარი, არა მხოლოდ 2020, არამედ 2024 წელზეც უნდა თქვას.

უმრავლესობის სხდომიდან გამოსული დიმიტრი ხუნდაძე ამტკიცებდა, რომ პრეზიდიუმში მის გვერდით მჯდომი ბიძინა ივანიშვილი მას არ დაეთანხმა.

მცხეთის მაჟორიტარს იმედი აქვს, რომ მოსახლეობის მხარდაჭერას მოიპოვებს და 2024 წლიდან ქვეყნის სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადაყვანას შეძლებს, თუმცა დიმიტრი ხუნდაძე არაფერს ამბობს იმაზე, რომ ამით "ქართულ ოცნებას" მოსახლეობისთვის გაცემულ კიდევ ერთ დაპირებაზე უარის თქმა მოუწევს.

დეპუტატი ირწმუნება, რომ მის ინიციატივას გუნდში უკვე 30-ზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ეჭვი ეპარება, რომ დიმიტრი ხუნდაძე თანამოაზრეებთან ერთად 200 000 ხელმოწერის შეგროვებას შეძლებს.

მამუკა მდინარაძემ დღეს ამომრჩევლებს უთხრა, რომ კონსტიტუცია ვერ და არ გადაიწერება, რადგან "ქართულ ოცნებას" ამ მოწვევის პარლამენტში საჭირო რესურსი აღარ აქვს. სახელისუფლებო პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გუნდი ერთიანია და რღვევა არ დაიწყება.

შეძლებს თუ არა, მცხეთის მაჟორიტარი მხარდამჭერებთან ერთად კონსტიტუციის გადაწერას, ამ დროისთვის უცნობია. კანონპროექტის ინიცირებას 200 000 ხელმოწერის შეგროვების შემდეგ შეძლებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებს კი 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დღის ამბები