20 აპრილი 2024,   12:25
ვრცლად
საქართველოში ეუთო-ს მისია უნდა აღდგეს - ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ასევე, ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეთანხმდნენ საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენაზე.

მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ერთობლივი განცხადება მოამზადა, სადაც გამოთქმულია შეშფოთება ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებასთან და გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით.

"შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით, მათ შორის, ოკუპაციის არეალის გაფართოების მცდელობითა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების მიერ "საგუშაგოების" მშენებლობით სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ, ასევე, შეშფოთებული ვრჩებით მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ სოფელ ატოცსა და გუგუთიანთკარში და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გრძელვადიანი დახურვით.

ამ ქმედებებმა გამოიწვია ადგილზე არსებული მდგომარეობის დესტაბილიზაცია და მძიმედ იმოქმედა კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

ახლახან ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება, რომელიც მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო სწრაფი და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, კიდევ ერთი ტრაგიკული ილუსტრაციაა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების მუდმივი შეზღუდვით გამოწვეული მძიმე შედეგებისა. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას.

მოვუწოდებთ ეუთო-ს საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში ჩართულობისკენ. ვწუხვართ 2009 წელს საქართველოში ეუთო-ს მისიის დახურვის გამო და მოვუწოდებთ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს, შეთანხმდნენ საქართველოში ეუთო-ს მრავალგანზომილებიანი მისიის აღდგენაზე, რომელსაც ექნება მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ შეუზღუდავი მოქმედების საშუალება," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები