25 აპრილი 2024,   16:04
ვრცლად
დედასთვის არასდროს უჩვენებია გადაღებული ფოტოები - "კურიერმა" არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმის ჩვენებები მოიპოვა

"კურიერმა" იმ არასრულწლოვნების ჩვენებები მოიპოვა, რომლებიც გაუცნობიერებლად პორნოგრაფიულ ფოტოსესიებში მონაწილეობდნენ.

ჩვენებაში არასრულწლოვანი გამოძიებას უყვება, რომ სახლში ფოტოების შესახებ არ საუბრობდა, რადგან შეთანხმების მიხედვით, ფაქტი საიდუმლოდ უნდა შეენახა. იდენტური ჩვენებები გამოძიებას კიდევ რამდენიმე არასრულწლოვანმა მისცა.

საქმე დაახლოებით 18 ტომიანია, თუმცა გამოძიება ერთ ტომს არ ასაჯაროებს. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის თქმით, ბრალდებას დაცვის მხარისთვის ჯერ არ გადაუცია ის ტომი, სადაც არასრულწლოვნების საკმაოდ მძიმე ფოტო და ვიდეო მასალებია.

ბავშვთა ჩვენებებით კი დგინდება, რომ ბავშვების ნაწილი პორნოგრაფიის შესახებ ოჯახში დუმდა და მშობლებმა ამის შესახებ გამოძიების დაწყების შემდეგ გაიგეს. დაკავებულთა ერთ-ერთი უფლებადამცველი ნიკოლოზ წულეისკირი გახმაურებულ საქმეში მონაწილე პირებს გარემოების მსხვერპლებს უწოდებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ დაკავებულთა ოჯახის წევრებიც. ისინი იმ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უსვამენ ხაზს, რომლებმაც გამოძიებას ჩვენებები მისცეს, შემდგომ კი მშობლების გარეშე დარჩნენ.

მას შემდეგ, რაც  საქმის მასალები ოფიციალურად გადაეცათ, ბრალდებულების უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დაკავებულების წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები სუსტი და უსაფუძვლოა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე პროკურორის მისამართით არაერთი კითხვაც დაისვა, თუმცა უფლებადამცველები უპასუხოდ დარჩნენ.

გამოძიებამ მძიმე ბრალდებით სამი თვის განმავლობაში 22 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან ამერიკისა და ავსტრალიის მოქალაქეები, რომლებიც ფოტოსალონში პორნოგრაფიულ ფოტო-ვიდეო გადაღებას ახორციელებდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა ქვეყანაში ავრცელებდნენ.

გახმაურებულ საქმეზე გამოძიება გრძელდება, არ არის გამორიცხული, დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს.

დღის ამბები