25 აპრილი 2024,   14:14
ვრცლად
მმართველი გუნდის ზოგიერთი მაჟორიტარის მხრიდან არსებობს მუქარა - კახი კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდის ზოგიერთი მაჟორიტარის მხრიდან არსებობს მუქარა, რომ, თუ საპარლამენტო უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს, ისინი პარტიას დატოვებენ.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაჟორიტართა გარკვეული ჯგუფი კატეგორიულია, თუმცა ის მოვლენების განვითარებას ელოდება.

"მუქარები იყო გაჟღერებული ამასთან დაკავშირებით, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. გუნდში მიმდინარეობს შეხვედრები, კონსულტაციები. მე უმრავლესობის ბოლო შეხვედრას არ ვესწრებოდი, თუმცა გეტყვით, რომ არის ადამიანების ჯგუფი, ვინც კატეგორიულები არიან,"- განაცხადა კახი კალაძემ.

კალაძის შეფასებით, ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ აქვს რესურსი, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდეს და 2020 წლის არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით.

"აზრთა სხვადასხვაობა არის ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და დაპირისპირება. არიან ადამიანები, ვინც მომხრეა მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის და არის ადამიანების დიდი ჯგუფი, ვინც მომხრეა, რომ ის ცვლილებები, რომელიც განხორცილებულია კონსტიტუციაში, შენარჩუნებული იყოს. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით და 2024 იქნება პროპორციული. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუნდმა მიიღო. დღეს არ გაგვაჩნია რესურსი, რომ ცვლილება განხორციელდეს,"- განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, ოპოზიციის ლიდერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დარწმუნდნენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

"შეხვედრაზე ელჩებიც და ოპოზიციის ლიდერებიც დარწმუნდნენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელის შემოღება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. თუმცა არსებულ შერეულ სისტემაში გვაქვს განსახორციელებელი გარკვეული ცვლილებები და ამასთან დაკავშირებით, მზად ვართ შეხვედრისთვის, დიალოგისთვის. მე მგონია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რამდენად კრიტიკულადაც არ უნდა იყვნენ ისინი განწყობილნი, დიალოგი აუცილებელია,"- აღნიშნა კახი კალაძემ.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მეორე შეხვედრას გამართავენ. განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება.

დღის ამბები