20 აპრილი 2024,   13:44
ვრცლად
პატრიარქმა სამღვდელოებას მოუწოდა, სოფლის მეურნეობას მიჰყონ ხელი

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სოფლის სამღვდელოებას მოუწოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩაერთონ და ამით საზოგადოებას მაგალითი მისცენ. ილია მეორემ ქადაგებისას ისიც აღნიშნა, რომ აუცილებლად გადაამოწმებს, რამდენად შეასრულებენ მის რეკომენდაციას.

"ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება უნდა იყოს მაგალითი სოფლის მეურნეობაში. მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში, სნოდან ვარ, როგორ უფრთხილდებოდნენ მიწის ნაკვეთს, საკარმიდამოს, არ იყო მოცდენილი არცერთი მეტრი მიწისა. ყველა დამუშავებული იყო, კარტოფილი, მწვანილი, ითესებოდა, თიბვა იყო. დღეს, როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება, საკარმიდამო არ მუშავდება. მინდა ვთხოვო ჩვენ სამღვდელოებას, მაგალითი მიეცით, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები. ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს.

დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოს სამღვდელოებამ. გარდა მიწის დამუშავების, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა. ეს დიდად ამოსწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ქალაქს.

რამდენიმე ხნის შემდეგ მე გავსინჯავ, რამდენად შეასრულეთ ეს ლოცვა-კურთხევა. იმედი მაქვს, მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას.

გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, მთელ საქართველოში გაავრცელოთ ეს სურვილი და გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი,"- განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

ამავე თემაზე
დღის ამბები