ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრაზე მხარეები 2020 წლის არჩევნების ჩატარების ფორმაზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა მმართველმა გუნდმა მზადყოფნა გამოთქვა, განიხილოს დიპლომატების მიერ შემოთავაზებული წინადადება მაჟორიტარული ოლქების მრავალმანდატიანობის შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ შეხვედრის მეორე რაუნდის მთავარი საკითხი არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებები იყო. მისივე ინფორმაციით, სწორედ ამ საკითხს დაეთმობა მომდევნო შეხვედრაც.
"მოლაპარაკების შემდეგი თემა იქნება არსებული სისტემის ფარგლებში მაჟორიტარული ნაწილის განხილვა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ მაჟორიტარულ ნაწილთან დაკავშირებით, იმისთვის, რათა მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ უცხოელი დიპლომატების ზეწოლით "ქართული ოცნება" დიალოგის რეჟიმზე გადავიდა, რაც უკვე პროგრესია.
"ეს არის მიღწევა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც უარს ამბობდნენ, საერთოდ არც კი დავჯდებით და არაფერს არ განვიხილავთო. ახლა ვიხილავთ ჩვენი წინადადების მრავალმანდატიანობის კომპონენტს. წარმატება იქნება, როცა შედეგს დავდებთ,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგის მეორე რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით 8 დეკემბერს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.