პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი სერგი კაპანაძე ხელისუფლებასთან დიალოგის მეორე რაუნდს აფასებს. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ გუშინ შეხვედრაზე რაიმე კონკრეტული შეთანხმება არ შემდგარა, თუმცა დისკუსიის გაგრძელების მზაობა გამოითქვა.
კაპანაძე ამბობს, რომ ოპოზიცია მმართველი ძალის ზეპირ დაპირებებს არ ენდობა და ითხოვს, რომ თუ ხელისუფლება რაიმე ტიპის დათმობაზე წავა, ეს დოკუმენტურად დადასტურდეს.
“ჯერ არაფერი არ დაკმაყოფილებულა, არანაირი თანხმობა ხელისუფლების მხრიდან ჩვენს შეთავაზებაზე ჯერ არ ყოფილა. გუშინ უბრალოდ გამოითქვა მზაობა გაგრძელების დისკუსიის, ამიტომ მე არ ვიტყოდი, რომ რაიმე შეთანხმება შედგა, თუმცა ამ მიმართულებით ისინი დაიძრნენ. მათი მხრიდან ამ მიმართულებით გამოჩნდა, რომ შეიძლება იყოს დათმობა. ოღონდ, კიდევ ერთხელ ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილის სიტყვას ვერ ენდობი ბოლომდე, სანამ არ გაფორმდება. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ სიტყვას ვენდოთ“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგის მეორე რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით 8 დეკემბერს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.