30 იანვარი 2020,   00:29
ვრცლად
საბიუჯეტო პოლიტიკა და ვალების მართვა - ფინანსთა მინისტრმა 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა  

ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინიტროს 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ფინანსთა მინისტრმა აქცენტი რამდენიმე მიმართულებაზე გააკეთა, მათ შორის,  საგადასახადო, საბიუჯეტო პოლიტიკასა და ვალების მართვაზე. მაჭავარიანმა  ის პროექტები განიხილა, რომელთა განხორციელებასაც მომავალში გეგმავს.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა საკანონმდებლო მიმართულებით ჯარიმების ლიბერალიზაცია იყო. 

"ჩვენ შევამცირეთ მნიშვნელოვნად ე.წ. გასვლითი სრულმასშტაბიანი საგადასახადო შემოწმებების რიცხვი. სამინისტრომ ავიღეთ იმის ვალდებულება, რომ ჩვენ ამ ჯარიმების ლიბერალიზაციას მოვახდენდით. მთელი რიგი ჯარიმები იყო არათანაზომადი სამართალდარღვევასთან, ზოგ შემთხვევაში, დრაკონულიც კი. ვვარაუდობთ, რომ 2020 წელს, გარანტირებულად, მინიმუმ 700 მილიონს დავაბრუნებთ. თუმცა, ჩემი შიდა რწმენა არის, რომ ეს ციფრი მნიშვნელოვნად მეტი იქნება, ვიდრე 700 მილიონი,“ - ამბობს ივანე მაჭავარიანი. 

ფინანსთა მინისტრის ანგარიშის პრეზენტაციას ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიზნესმენები იმ საკითხებსა და ხარვეზებზე საუბრობენ, რომლებიც ზოგადად ამ სფეროში არსებობს. ”ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი, ”ვისოლის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ბიზნესში პრობლემების დაგროვების გამომწვევი ფაქტორი ეროვნული ვალუტის მერყეობაა. 

"ის, რომ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ბიზნესში, ერთ-ერთი მთავარი აქ არის ლარის კურსის ცვალებადობა, არაპროგნოზირებადობა. რამეთუ, გამჭვირვალე თუ არის ბიზნესი, განჭვრეტადობა თუ არის შესაძლებელი, თუ ვიცით ჩვენ, მომავალში როგორი ვითარება იქნება შიდა სავალუტო ბაზარზე, ლარზე რომ ვისაუბრო, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ინვესტიციების მოდინებაზე,“ - აცხადებს ”ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი,  სოსო ფხაკაძე.

კიდევ ერთი ხარვეზი, რაზეც ბიზნესმენები საუბრობენ,  ე.წ. ოქროს სიის საკითხია. მათი თქმით, ოქროს სიის გაუქმების შესახებ, რაც სპეციალურ შეღავათებს გულისხმობდა, კერძო კომპანიებმა  მოულოდნელად შეიტყვეს.

 

დღის ამბები