25 იანვარი 2020,   20:27
ვრცლად
მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ სურგულაძის წასვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს

საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობიდან მიდის. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ლევან სურგულაძეს.

ლევან სურგულაძის წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა გააკეთეს, რომლებიც იმ საბჭოს წევრები არიან, რომელმაც სურგულაძის გადაწყვეტილება უნდა დააკმაყოფილოს.

ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია რეფორმა, რომელიც  დაწყებულია, კვლავ წარმატებით გაგრძელდეს და ეს, ლევან სურგულაძესა თუ სხვა მენეჯერთან ერთად მოხდება, ამას, მათი თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანია, აქცენტი  საინვესტიციო საქმიანობაზე გაკეთდეს, რომელთანაც მინისტრის თქმით, ლევან სურგულაძეს შეხება არ ჰქონია.

"მან საკმაოდ დიდი შრომა გაწია. გეუბნებით, რომ საპენსიო სააგენტო არის გამართული ორგანიზაცია. ახლა, გაცილებით მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ, მეტი წონის მატარებელი არის უკვე ის საინვესტიციო საქმიანობა, რომელთანაც მას შეხება არც ჰქონია და ვერც ექნებოდა. ძირითადად საინვესტიციო პოლიტიკას ე.წ. საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს და შესაბამისად, მე მგონი, დღეს უკვე აქცენტი ამ მიმართულებით უნდა გადავიტანოთ," - აცხადებს ივანე მაჭავარიანი.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღნიშნავს, რაღაც პერიოდში ადამიანებს გეგმები ეცვლებათ. ნათია თურნავას თქმით, ადამიანები მოდიან და მიდიან, მაგრამ თავად რეფორმა, ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული არ არის.

"მე როგორც ვიცი სურვილი აქვს კერძო სექტორში გადასვლის. საპენსიო ფონდი, საპენსიო რეფორმა - ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი და მნიშვნელოვანი წარმატებული პროცესი, წარმატებული რეფორმა, რომელიც არის გარანტირებული კანონმდებლობით. ადამიანები მიდიან და მოდიან, ერთ პროფესიონალს მეორე პროფესიონალი შეცვლის, მაგრამ არც ერთ ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე ეს რეფორმა დამოკიდებული არ არის," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე საპენსიო სააგენტოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სააგენტოდ მიიჩნევს, რომლის წარმატებულ ფუნქციონირებაზეც, მისი თქმით, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გუნდის სამომავლო გეგმები. რომან კაკულია ირწმუნება, რომ საპენსიო სააგენტო მუშაობას წარმატებულად გააგრძელებს.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სააგენტოა, რომლის წარმატებულ ფუნქციონირებაზეც ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ზოგადად, ჩვენი გუნდის სამომავლო ხედვებისადმი ნდობის საკითხი იმიტომ, რომ ეს ჩვენი გუნდის პირობებში მომზადდა. თავად კონცეფცია ფონდის გასაგებია, ამაზე ბევრჯერ ვიმსჯელეთ. იმედი მაქვს, რომ რაღაც პირადი მოტივაცია და არა რაიმე ისეთი, რომელიც უკავშირდება ან, რაიმე ტიპის საფრთხეს უქმნის ამ ფონდის საქმიანობას, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად გაგრძელდება," - განაცხადა რომან კაკულიამ. 

დღის ამბები