19 აპრილი 2024,   10:45
ვრცლად
ოპოზიციის ლიდერები დეპუტატებისგან მოსამართლეთა სიის ჩაგდებას ითხოვენ და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ

ოპოზიციის ლიდერები პროტესტს არ წყვეტენ, ისინი დეპუტატებისგან მოსამართლეთა სიის ჩაგდებას ითხოვენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში ხუთშაბათს უნდა გაიმართოს. სწორედ ამ დროისთვის კვლავ პარლამენტის შენობის პიკეტირებაა დაგეგმილი. 

რიგორც ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია ამბობს, მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება და ამჟამად  რეგიონული ცენტრების შერჩევა მიმდინარეობს. ასევე მასშტაბური აქცია იგეგმება თბილისში.

"სანამ არ გვექნება საბოლოო შედეგი, რომ ივანიშვილმა უკან წაიღოს ის შეურაცხყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა, გრძელდება მკვეთრი, მაგრამ აბსოლუტურად მშვიდობიანი პროტესტი. იქნება პიკეტირება პარლამენტის, სადაც აპირებენ ამ უტიფარი გზის გაგრძელებას, მოსამართლეების დამტკიცებას და მოუწევთ ისევ სრული ძალისხმევა, ან ღამის გათენება, რომ შევიდნენ პარლამენტში. იქამდე ჩვენ გვაქვს გეგმაში, როგორც ქუთაისში დავიწყეთ, ახლა მიდის შერჩევა სხვა რეგიონული ცენტრების, სადაც იქნება აქციები და მსვლელობები, მერე იქნება დიდი აქცია თბილისში," - აცხადებს გიგა ბოკერია.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, კენჭისყრის დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი კომიტეტის სხდომაზე იქნება. ბესელიას თქმით,  ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას არ აპირებს.

"კონცენტრირებული ვართ ამ კენჭისყრაზე. ნაწილი იქნება შიგნით კომიტეტის სხდომაზე, სესიაზე კენჭისყრის დროს. მე პირადად ვიქნები შიგნით პარლამენტში და ბოიკოტის რეჟიმში არ ვაპირებ ყოფნას, ნაწილი იქნება გარეთ, ახალგაზრდები იქნებიან რა თქმა უნდა ძალიან აქტიურები," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პროტესტის გაგრძელებას მწვავე წინააღმდეგობის მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის ფორმატის რეჟიმში აანონსებს.

"ყოველი დღე, ყოველი საათი, ყოველი კვირა იქნები უმწვავესი წინააღმდეგობის მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის ფორმატი იმისათვის, რომ ჩვენ მივიდეთ გამარჯვებამდე, რაც ჩვენმა ხალხმა შეუკვეთა. პიკეტირებები ამ კვირას იგეგმება კორუმპირებულ მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც უნდათ დაადგან მუდმივი მოსამართლის, მუდმივი ქურუმის მანტია," - განმარტა შალვა ნათელაშვილმა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პიკეტირებები გაგრძელდება, რადგანაც გრძელდება  მოსამართლეების საკითხი. როგორც "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, ოპოზიცია ძალიან მჭიდრო კომუნიკაციის და კოორდინაციის რეჟიმში აგრძელებს მოქმედებას.

"ბუნებრივია პიკეტირება გაგრძელდება იმიტომ, რომ იხილება მოსამართლეების საკითხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ნამდვილად არ ეხება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ეს არის საყოველთაო სახალხო საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ პიკეტირება გაგრძელდება. ვაგრძელებთ მოქმედებას ძალიან მჭიდრო კომუნიკაციის და კოორდინაციის რეჟიმში,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები