ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დღეს ჟენავაში ისაუბრებენ ქართველი ექიმის გათავისუფლებაა. მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე საქართველო, რუსეთი და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები საერთაშორისო თანამეგობრობის თანამონაწილეობით იმსჯელებენ ყველა იმ საკითხზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას ეხება.
ჟენევის მოლაპარაკებები ის ფორმატია, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან პირდაპირი კავშირი ხდება - ამის შესახებ ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცახდა.
"ალბათ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქ იქნება ბორდერიზაცია, ახალგორის კრიზისი დღეს რაც არის, აბსოლუტურად რაც იქ ხდება და რა თქმა უნდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი," - აცხადებს გიგი წერეთელი.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იქნება.
"პირველი სამუშაო ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის ძალის არ გამოყენების სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტის ხელმოწერას რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც იქნება დასმული ამ საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ეს არის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.