24 აპრილი 2024,   19:41
ვრცლად
რატომ მოკლეს მამუკა დარჩია რუსეთში- ოჯახს ამ დრომდე კითხვაზე პასუხი არ აქვს

რუსეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მამუკა დარჩიას სასიკვდილო ჭრილობები სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.

მომხდარ კრიმინალურ ფაქტთან დაკავშირებით, გარდაცვლილის ახლობლებმა ინფორმაცია ცოტახნის წინ მიიღეს, შესაბამისად, ისინი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარებს ვერ აკეთებენ.

ერთადერთი ვერსიით,  გუშინ საღამოს, მამუკა დარჩია მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც წარსულთან დაკავშირებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, სიტყვიერი შელაპარაკება  ერთ-ერთ პირთან მოუვიდა, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სწორედ ამ ჩხუბის დროს მიაყენეს მას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა.

ამ ვერსიას გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ არის ცნობილი.

მამუკა დარჩიას ახლობლები "კურიერთან" არ აკონკრეტებენ, რას საქმიანობდა გარდაცვლილი მოსკოვში.

გარდაცვლილის ნათესავი თამაზ დარჩია აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და დაპირისპირების მიზეზი არ იცის.

"კარგი ბავშვი იყო და არ ვიცი, რას საქმიანობდა. უბრალოდ ვიცი, რომ სწავლობდა იქ." - განაცხადა თამაზ დარჩიამ.

ოზურგეთის მერის რწმუნებული ზურაბ დარჩია აღნიშნავს, რომ გარდაცვლილს ხვალ ჩამოასვენებენ.

"არაფერი არ ვიცით ჯერჯერობით. ხვალ უნდა ჩამოასვენონ და იქიდან გავიგებთ ყველაფერს, გაუგებარ ვითარებაშია მოკლული," განაცხადა ზურაბ დარჩიამ.

ცნობილია, რომ  მამუკა დარჩია კონფლიქტის გამო  საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა.

დღის ამბები