სახალხო დამცველის განცხადებას, რომ ციხეებში არაფორმალური მმართველობის ფაქტები ფიქსირდება, ოპოზიცია საგანგაშოდ მიიჩნევს. "ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის თქმით, დანაშაულებრივი სამყაროს გავლენების ზრდა არის იმის შედეგი, რომ "ქართული ოცნება" კრიმინალებთან თანამშრომლობს:
"ქართული ოცნების" მმართველობა ხასიათდება კრიმინალის ზრდით და დანაშაულებრივ სამყაროსთან ხელისუფლების თანამშრომლობით. ბუნებრივია, ეს ალიანსი გავრცელდა პენიტენციალურ სისტემაზეც, პატიმრები უკვე ნაბიჯს ვეღარ დგამენ მაყურებლების გარეშე. სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გასაუბრებასაც კი უკრძალავს მაყურებელი პატიმარს და ეს ნიშნავს, რომ სრულიად დაუცველია ციხეში მოხვედრილი ადამიანი. აქ ხელისუფლებას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა, ვინაიდან მათ უნდა აღკვეთონ მსგავსი შემთხვევები," - განაცხადა ოთარ კახიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზურაბ მელიქიშვილის თქმით, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებებმა დეგრადაცია განიცადა:
"ძალზედ მნიშვნელოვანია თემა, რომელიც უშუალოდ პენიტენციურ სისტემას და ციხეებში არსებულ მდგომარეობას ეხება, როდესაც დაბრუნდა არაფორმალური მმართველობა ციხეებში და დაბრუნდა მაყურებლის ინსტიტუტი, მთელი რიგი სხვა მიმართულებები რომელსაც ასევე სახალხო დამცველი უსვამს ხაზს და რომელიც პირდაპირ აფიქსირებს, როგორ დეგრადაცია განიცადა ადამიანის უფლებებმა." - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.