25 აპრილი 2024,   19:07
ვრცლად
კანონის არც ერთი მუხლის გადაცდომაზე დარღვევა არ არსებობს - TI-ის კვლევას მინისტრების ნაწილი ეხმაურება 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას მინისტრების ნაწილი ეხმაურება. იმ უწყებების პირველი პირები, რომელთა საქმიანობაც ორგანიზაციის ახალ კვლევაში აისახა, კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ მათი დეკლარაციების შევსების დროს, გარკვეული ხარვეზები აღმოჩნდა.

“გამოვრიცხავ რაიმე სახით, იმიტომ რომ ნებისმიერი სახით ჩემი ოჯახის წევრების, იგულისხმება მეუღლე ამ შემთხვევაში, არავითარი საქმიანობა, რომელიც არ იქნებოდა ასახული დეკლარაციაში მე არ მაქვს, არც ჩემს ოჯახის წევრებს და არც ჩემი და არც ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა არ არის დაკავშირებული სამეწარმეო სტრუქტურებთან.“ - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.

დარღვევებს კატეგორიულად გამორიცხავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილიც.  

“ვფიქრობ, რომ ქართული ენა მარტივად გასაგებია, რომ მე გადავამოწმე დეკლარაცია, მათ შორის დადასტურებულია ჩემთვის, რომ დეკლარაცია არის სწორად შევსებული და კანონის არც ერთი მუხლის გადაცდომაზე დარღვევა არ არსებობს. აბსოლუტურად ცრუ ინფორმაციაა, რომ ჩემს შემთხვევაში, ჩემი დეკლარაცია რაიმეს  მალავს, ან უზუსტობაა. მე თვითონ გთხოვთ, რომ იმისთვის, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ჩემი სიტყვები და იყოს სარწმუნო, მიმართოთ ბიუროს და ბიურომ დაგიდასტუროთ. იგივე, მოადგილესთან დაკავშირებითაც, მიმართეთ ბიუროს.“ - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

კვლევასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელიც რაიმე სახით კანონის დარღვევას გამორიცხავს.

"თითოეული ჩვენგანი საჯარო მოხელის დეკლარაციები არის საჯარო. ყველაფერი არის დასაბუთებული. ჩემი მოადგილე არის ძალიან გამოცდილი იურისტი და მე გამოვრიცხავ, რომ კანონთან რაიმე შეუსაბამობა ჰქონდეს“ - აცხადებს ნათია თურნავა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები