20 აპრილი 2024,   17:37
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნით ივანიშვილი ხელისუფლების ყველა შტოს მიტაცებას აფორმებს - რომან გოცირიძე

"ევროპული საქართველო" დეპუტატებს მოწოდებით მიმართავს, არ დაუშვან იმ მოსამართლეების უვადოდ არჩევა, რომლებიც კეთილსინდისიერებით და კომპეტენციით არ გამოირჩევიან. 

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, ოთარ კახიძის თქმით, მსგავსი პირების უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებად არჩევა არ შეიძლება. ოთარ კახიძის განცხადებით, ივანიშვილის გაშვების შემდგომ ოპოზიციის მთავარი გამოწვევა მართლმსაჯულების რეფორმა იქნება.

"მოვუწოდებთ ჩვენ ყველა დეპუტატს, ვინც ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას, რომ უვადოდ ნუ დანიშნავენ და ნუ აირჩევენ ისეთ მოსამართლეებს, რომლებიც კეთილსინდისიერებით და კომპეტენციით არ გამოირჩევიან, ვინაიდან აქ სასწორზე არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ ხო ამ ქვეყანაში? ივანიშვილის გაშვების შემდგომ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენი იქნება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა," - აცხადებს ოთარ კახიძე. 

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მოსამართლეების კენჭისყრის პროცესს ძალაუფლების უზურპაციის ბოლო სტადიას უწოდებს.

"ეს არის პირდაპირ ძალაუფლების უზურპაციის ბოლო სტადია. ფაქტობრივად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნით ივანიშვილი აფორმებს საბოლოოდ ხელისუფლების ყველა შტოს მიტაცებას. ეს სია უნდა იქნეს გაწვეული, თავიდან უნდა დაიწყოს გამჭვირვალედ პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ უკიდურესად დეგრადირებულ უზენაეს სასამართლოს," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები