23 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
ხულორდავამ, ჩუგოშვილმა და ქაცარავამ დიდი როლი ითამაშეს ევროსტუქტურებში ჩვენი პოზიციების გამყარებისთვის - ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი გუნდი დატოვეს, დიდი როლი ითამაშეს ევროსტრუქტურებში პოზიციების გასამყარებლად. 

როგორც ვოლსკიმ განაცხადა, მმართველი გუნდი ახლა არსებული სიტუაციის დარეგულირებაზე უნდა კონცენტრირდეს.

"გარემოებებების შეუფასებლად ასე ცალმხრივად ლაპარაკი არ შეიძლება. ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს ერთად გამოვლილი. თითოეულმა მათგანმა თამარ ხულორდავამ, თამარ ჩუგოშვილმა, სოფო ქაცარავამ ძალიან დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ ჩვენი პოზიციები ევროსტრქტურებში გამყარებულიყო და არამარტო ევროსტრუქტურებში. ცალმხრივად ამ საკითხის განხილვა დაუშვებელია, ყველაფერს გარედან ემატება დიდი დოზით დეზინფორმაცია. დავაკვირდეთ ყველაფერს და ვიშრომოთ იმისათვის, რომ დავარეგულიროთ სიტუაცია," - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია სჭირდება.

"ისევე როგორც გერმანული მოდელის შეთავაზება, ასევე ეს განცხადება იმის თაობაზე, თითქოს პარლამენტის აპარატი და მისი იურიდიული დეპარტამენტი არის საკონსტიტუციო სასამართლო, მიმანიშნებელია იმის, რომ მათი იურიდიული და პოლიტიკური კვალიფიკაციის დონე არის უაღრესად დაბალი, რაც არის ძალიან სამწუხარო. საქართველოს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ შედეგამდე მივალთ," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა მწვავე პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. მათ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების გამო გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ აღნიშნულმა პროცესმა ქვეყნის იმიჯი დააზიანა.

დღის ამბები