29 იანვარი 2020,   20:05
ვრცლად
ქართველი ექიმის ტყვეობა და მძიმე ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე - რა პასუხი აქვს რუსულ მხარეს ჟენევის დისკუსიებზე

ჟენევაში  საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე  მთავარი თემა, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის გათავისუფლებაა. ვაჟა გაფრინდაშვილის მაგალითზე საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ კრიტიკულ ვითარებაზე, ჩაკეტილ გადასასვლელებსა და ჰუმანიტარულ პრობლემებზე გაამახვილებს ყურადღებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, ის რუსეთის ტერიტორიაზე არ იმყოფება და შესაბამისად დატყვევებული ექიმის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

"ყველა ამ საკითხს, მათ შორის ვაჟა გაფრინდაშვილის თემას განვიხილავთ ამ შეხვედრაზე, მანამდე ვერაფერს გეტყვით, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ასეც მოხდება, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიმყოფებით რუსეთის ფედერაციაში?"- განაცხადა რუდენკომ.

ჟურნალისტის შეხსენებაზე, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რუსეთის კონტროლის ქვეშაა, რუდენკომ განაცხადა, რომ ეს ასე არაა. რუდენკომ იმედი გამოთქვა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდის:

"თქვენ ცდებით, ეს საკითხი განიხილება და ქართველ კოლეგებს შეუძლიათ დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები, ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ მაქვს, გაფრინდაშვილის ოჯახს კი ვეტყვი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ის შეძლებს თავის ახლობლებს დაუბრუნდეს,"-აღნიშნა რუდენკომ.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე საქართველოს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა პარტნიორების ეუთოს, გაეროს, აშშ-ის, ევროკავშირის მხრიდან. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მთავარი მოთხოვნაა, რომ ექიმი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს და ეს იქნება დისკუსიებზე მათი მხრიდან მთავარი თემაც. ასევე მოლაპარაკებების მთავარი თემაა, ის ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც შეიქმნა ე.წ გადასასვლელების ჩაკეტვის შედეგად.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას თქმით, მოლაპარაკებების დროს  ცალსახად აქცენტი იქნება ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე და ყველაზე მწვავედ კი ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი დაისმება.

"21- ე საუკუნეში ადამიანის უფლებათა საკითხებით მანიპულირება არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს ცივილიზებული სამყაროს მოთხოვნებია, ეს ის მოთხოვნებია, რითაც თანამედროვე სამყარო არსებობს და რაზეც დგას თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი,"- განაცხადა დარსალიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის თემის გარდა პირველ და მეორე სამუშაო ჯგუფში ყველა მწვავე საკითხის განხილვა მოხდება:

"ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც აფხაზეთში ასევე ცხინვალის რეგიონში, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებების მუდმივ დარღვევას," - აღნიშნა აბაშიძემ.

ხვალინდელი დისკუსიების მოსამზადებლად დღეს ​ თანათავმჯდომარეებთან ტექნიკური შეხვედრები გაიმართა და დღის წესრიგი შედგა. საკითხებს შორის საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დიალოგის აღდგენა, რომელიც შეწყდა საოკუპაციო რეჟიმების გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი ჰუმანიტარული საკითხების მოსაგვარებლად.

"თავისუფლება ვაჟა ექიმს" - ეს ლოზუნგი დღეს ისმოდა არა მხოლოდ ჟენევაში, გაეროს ოფისში, არამედ ოფისის გარეთაც, სადაც ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ვაჟა ექიმი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლდეს.  ემიგრანტების განცხადებით, მათთვის მიუღებელია, რომ რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ამისთვის არ ისჯება. ისინი მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, უფრო მკაცრად მოახდინოს ამაზე რეაგირება და დასრულდეს ვაჟა ექიმის ტყვეობა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში.

დღის ამბები