ოპოზიცია საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს და კვლავ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისთვის ემზადება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები განვითარებული მოვლენების მთავარ მიზეზად ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებებს ასახელებენ და პარლამენტთან შეკრებას ხვალ დილიდან გეგმავენ.
ხუთშაბათს დეპუტატებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებს სესიაზე კენჭი უნდა უყარონ, თუმცა მანამდე საკითხის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უნდა მოხდეს.
"ჩვენი მოთხოვნები რჩება ძალაში, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მწვავე პროტესტს. მათ შორის, რუსთაველის გამზირზე იქნება თუ ზოგადად პიკეტირების პროცესი. ასევე, ერთიანი ოპოზიციური ძალები გააქტიურდნენ რეგიონებში და ესეც გაგრძელდება. ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამდე, სანამ "ქართული ოცნება" არ გააცნობიერებს, რომ ის არ არის მუდმივად ხელისუფლებაში, არ არსებობს ძალა, რომელიც შეძლებს მუდმივად იყოს ხელისუფლებაში," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა.
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის თქმით, პოლიტიკური დევნით საზოგადოების დაშინებას ვერ შეძლებენ.
"იქნება პიკეტი, იქნება სერიოზული საპროტესტო აქციები. საქმე იმაშია, რომ სასამართლოსთან მიმართებაში, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ლობირებენ ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ელემენტარული კვალიფიკაცია. ამ პოლიტიკური დევნით ქართულ საზოგადოებას ვერ დააშინებენ,“ - აცხადებს სერგო რატიანი.
პიკეტირებასა და მწვავე პროტესტს აანონსებს "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა. მისი თქმით, პროტესტი საქართველოს რეგიონებსაც მოიცავს.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საკმაოდ მწვავე, რადიკალური, მაგრამ კანონიერი ნაბიჯებით, კონსტრუქციის ფარგლებში ხელი შევუშალოთ შეძლებისდაგვარად უმრავლესობას, დაამტკიცოს ის მოსამართლეები, რომლებიც ნამდვილად არ იმსახურებენ და საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ," - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.