25 აპრილი 2024,   22:49
ვრცლად
საარჩევნო სისტემა - უმრავლესობა უცხოელი დიპლომატების მედიატორობით შეთავაზებულ საკითხზე შიდა კონსულტაციებს განაგრძობს

საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უცხოელი დიპლომატების მედიატორობით შეთავაზებულ საკითხზე შიდა კონსულტაციებს განაგრძობს. როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, კონსენსუსი აუცილებელია, რის გამოც ე.წ. ამბოხებულ მაჟორიტარებთან მოლაპარაკებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის თქმით, სისტემა შესაბამისობაში უნდა იყოს, როგორც კონსტიტუციასთან, ასევე სამართლიანობასთან და საარჩევნო ლოგიკასთან.

"ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც საკონსტიტუციო, ასევე სამართლიანობასთან და საარჩევნო ლოგიკასთან შესაბამისობაა საინტერესო. ეს არის პრინციპები, რომელზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ და საერთო პოზიცია ჩამოვაყალიბოთ, არ შეიძლება საკონსტიტუციო ნორმებთან იყოს შესაბამისობაში თუ ასეთი დავაზუსტეთ და არ იყოს შესაბამისობაში პოლიტიკურ ლოგიკასთან," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მრავალმანდატიან სისტემას უმრავლესობის ნაწილი უსამართლოდ მიიჩნევს.

"მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა სამართლიანობასთან თავსებადი არ არის იქედან გამომდინარე, რომ ამ სისტემის შესაბამისად შესაძლებელია დღევანდელი მოცემულობით, ერთ სამაჟორიტარო ოლქში უმრავლესობამ აირჩიოს პიროვნება და ამ სისტემის შესაბამისად ეს პიროვნება ვერ შევიდეს პარლამენტში," - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.

მმართველი გუნდის საერთო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი.

დღის ამბები