24 აპრილი 2024,   14:54
ვრცლად
ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი - დამოუკიდებელი დეპუტატები საქმეში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ

შეუწყდება თუ არა უფლებამოსილება დეპუტატ ნიკა მელიას - პარლამენტი საკითხზე კენჭისყრისთვის ემზადება. გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღე რჩება. საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალ განიხილავს, რის შემდეგაც ის კენჭისყრაზე გავა.

მანამდე კი შეფასებები არაერთგვაროვანია. ოპოზიცია როგორც ცნობილია, ბოიკოტს აცხადებს და ოპოზიციონერი დეპუტატები სესიებზე არ დადიან.

რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატებს, ისინი ამ საქმეში სამართლებრივზე მეტად პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ამბობენ, რომ პარლამენტი ზედა ინსტანციების საბოლოო გადაწყვეტილებასაც უნდა დალოდებოდა. დამოუკიდებელი დეპუტატები საკითხის კენჭისყრის პროცესში, არ აპირებენ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირონ.

"6 წელი რატომ იყო საჭირო ამისთვის და რატომ იყო, რომ პერიოდულად ამ საქმეს აძინებდნენ და შემდეგ აღვიძებდნენ იმის მიხედვით, პოლიტიკურად რამდენად აქტუალური იყო. ეს ერთი ძალიან მძიმე კითხვაა, რომელიც სასამართლოს თავზე, როგორც დამოკლეს მახვილი ისე კიდია.

მეორე, ზემდგომმა ინსტანციამ რომ თქვას, რომ ეს განაჩენი არის უსამართლო და გაამართლოს. ახლა რომ პარლამენტი გააძევებს მას ვადაზე ადრე, მერე რას იზამს, უკან დააბრუნებს და ვინც მის ნაცვლად შემოვა უკან გაიწვევს? ეს ხომ აბსოლუტური ანომალია იქნება და  ფულადი კომპენსაცია არ არის საპირწონე იმისა, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალოს," - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

მმართველ გუნდის წევრების თქმით, საქართველოს კონსტიტუციას და პარლამენტის რეგლამენტს დაემორჩილებიან, შესაბამისად იმოქმედებენ და  ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერენ. 

"სისხლის სამართლის საქმე რადგანაც არის, უკვე ძალაში შევიდა ეს განაჩენი. რომ იყოს ვთქვათ ადმინისტრაციული სასჯელი, ჯერ არ იქნება ძალაში შესული. მერე თუ გაამართლებს უზენაესი სასამართლო, შეიცვლება რა თქმა უნდა გადაწყვეტილება," - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილება განსაზღვრულია კანონით და რეგლამენტით და აღნიშნულ სიტუაციებში დეპუტატის მანდატი წყდება.

"დეპუტატების მხარდაჭერა ავტომატური მექანიკური თემაა იმიტომ, რომ უკვე განსაზღვრულია კანონით, განსაზღვრულია რეგლამენტით, რომ ასეთ შემთხვევაში დეპუტატის მანდატი წყდება და პოლიტიკურად ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ იცით," - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები