19 აპრილი 2024,   12:36
ვრცლად
პოლიციამ სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 3 პირი

კახეთის პოლიციამ სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის ფაქტზე 3 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ძალადობის გამოყენებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მცხოვრებ ქალს, რის შემდეგაც მისი საცხოვრებელი სახლიდან ფული და სამკაულები გაიტაცეს.

თავდასხმის შედეგად თამარ ბაღაშვილი გარდაიცვალა. პოლიციამ ​ორი ბრალდებული აჭარაში იმ დროს დააკავა, როდესაც სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას გეგმავდნენ. ჯგუფის მესამე წევრი კი, სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სამკაულები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები