20 აპრილი 2024,   03:15
ვრცლად
თბილისში ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართა

თბილისში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართა.  სხდომაზე საბჭოს სამდივნომ წარადგინა ანგარიში, რომელიც 2015-19 წლებში საფრთხეების შემცირების ეროვნულ სტრატეგიას ეხება.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდის განმარტებით, აშშ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს იმ სააგენტოებსა და სამინისტროებს, რომლებიც მუშაობენ ეროვნული უსაფრთხოების ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით.

"მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეხუთე სხდომაში. აშშ ერთგულად აგრძელებს საქართველოსთვის დახმარების გაწევას, მათ შორის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს სრულად მომზადებული, მოახდინოს პრევენცია და უპასუხოს ნებისმიერი ტიპის საფრთხეს, რაც უკავშირდება ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ მასალებს. უკვე წლებია, ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს იმ სააგენტოებს და სამინისტროებს, რომლებიც მუშაობენ ეროვნული უსაფრთხოების ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით.  ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უაღრესად მტკიცე თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რაც გულისხმობს სამუშაო ჯგუფების ორგანიზებას, ტექნიკური დახმარების გაწევას, ამ მიმართულებით არსებული საფრთხეების საპასუხოდ საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პარტნიორი სააგენტოების მეშვეობით," - აღნიშნა ელისაბედ რუდმა. 

სხდომას გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი ფრანჩესკო მიორინი და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის და დახმარების პროგრამების დანაყოფის ხელმძღვანელი ვინსენტ რეი ესწრებოდა. 

დღის ამბები