24 აპრილი 2024,   21:35
ვრცლად
დაკარგავს თუ არა ნიკა მელია დეპუტატის მანდატს - საკითხზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი ხვალ, 12 დეკემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. გადაწყვეტილების მიღებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის გარდა ამ გადაწყვეტილებას მხარს არც უმრავლესობიდან გასული "ოცნების" ყოფილი წევრები დაუჭერენ.

თუმცა, მმართველ პარტიას ხმები მათ გარეშეც ჰყოფნის. ნიკა მელიას საკითხზე ამ მოწვევის პარლამენტს კენჭისყრა უკვე მეორედ უწევს. იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, მას, შესაძლოა, მანდატიც ჩამოართვან.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ მისი პოლიტიკური განეიტრალება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, პირადი სურვილია.

გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, დეპუტატის საქმეში სამართლებრივზე მეტად პოლიტიკურ მოტივს ხედავენ "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები. დამოუკიდებელი დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ. ისინი ფიქრობენ, რომ მანდატის შეჩერებაზე პარლამენტმა მხოლოდ მას შემდეგ უნდა იმსჯელოს, რაც ზედა ინსტანციის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მმართველ გუნდში ნიკა მელიას კრიმინალად მოიხსენიებენ და დეპუტატის საქმეში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ. "ქართული ოცნების" ლიდერების განმარტებით, დეპუტატის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი, რაც მისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძველი ხდება. იმ შემთხვევაში, თუკი ნიკა მელია სასამართლოს ზედა ინსტანციაში გამართლდება, მას კომპენსაციას გადაუხდიან.

როგორც წინა შემთხვევაში, მმართველი გუნდის რიგებში ამ საკითხზე კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა დღეს ღიად თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მისი მხარდაჭერა არ ექნება.

ამ დროისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა სხდომას ნიკა მელია. ის სხდომათა დარბაზში მარტო, "ქართული ოცნების" პირისპირ ერთხელ უკვე იჯდა. მაშინ პარლამენტში 91-მა დეპუტატმა მისთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. 7-წლიანი გამოძიების შემდეგ კი "ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმეზე დეპუტატის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მას 2 წლისა და 3 თვის განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის უფლება აეკრძალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები