24 აპრილი 2024,   12:31
ვრცლად
ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად, თურქეთის მოქალაქეებისთვის 20000 დოლარის გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმი იყო მობილიზებული ღამით თბილისში ცინცაძის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 2 ადამიანი. მათ ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში ადანაშაულებენ.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს, როგორც პოლიციის თანამშრომლები გაეცნენ, მოატყუეს თითქოს ერთ-ერთი მათგანი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში იმყოფებოდა და მუქარით ცდილობდნენ 20 000 აშშ დოლარის გამოძალვას.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს," - აღნიშნულია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები